პრაღის მოსახლეობამ Airbnb-ისა და მასობრივი ტურიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა

პრაღის მოსახლეობამ Airbnb-ისა და მასობრივი ტურიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. სტატიას ამის შესახებ The Guardians აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით საპროტესტო აქციაში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო, რომლებიც აცხადებენ, რომ პრაღაში თავს უცხოდ გრძნობენ და მასობრივმა ტურიზმმა ქალაქს განადგურების საფრთხე შეუქმნა.

აქციის მონაწილეების თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი კომპანია Airbnb-ია, რომელმაც ქალაქი „ერთ დიდი სასტუმროდ“ გადააქცია, კომპანიის ხელმისაწვდომობამ და ბინების გაქირავების გამარტივებამ კი მასობრივი ტურიზმი შეუქცევადი გახადა.

ისინი ჩეხეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ Airbnb-სთვის რეგულაციები გამკაცრდეს და გადაიხედოს ქვეყნის ტურიზმის პოლიტიკა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მხოლოდ გასულ წელს ჩეხეთის დედაქალაქი 8 მილიონამდე ადამინმა მოინახულა, მაშინ როდესაც პრაღაში სულ 1.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

აღსანიშნავია, რომ 2000 წელს ქალაქს 2.6 მილიონი ტურისტი ეწვია, მას შემდეგ კი ტურისტულმა ბუმმა პრაღა მთლიანად „გადაყლაპა“.

ამასთანავე, მასობრივმა ტურიზმმა ქალაქში ბინების ფასი მკვეთრად გაზარდა, რის გამოც ახალგაზრდებისთვის ბინების ქირაობა თითქმის შეუძლებელი გახდა, რადგან ზოგჯერ გადასახადი მათ ხელფასს აღემატება.

გამოცემის მიხედვით, ბინების ფასები იმდენად გაიზარდა, რომ მათ საყიდლად საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანს 14 წლის სრული შემოსავალი სჭირდება.

„ყოველდღიურად, როდესაც ქუჩაში გამოვდივართ ვაცნობიერებთ, რომ ქალაქი, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, ჩვენ აღარაა. ამიტომ თავს აქ უკვე უცხოდ ვგრძნობთ“- აცხადებდნენ ადგილობრივები საპროტესტო აქციაზე.

ბექა ბერიაშვილი