„სტუმრებს მიეცემათ საშუალება დააგემოვნონ რაღაც ახალი და უცხო“ - რას სთავაზობს განახლებული „დაუნთაუნის“ სტუმრებს იტალიელი შეფ-მზარეული

ის უკვე მესამე წელია, რაც საქართველოში მოღვაწეობს. განათლებით IT სპეციალისტია, ხატავს, თუმცა 29 წლის ასაკში პროფესია რადიკალურად შეიცვალა და კულინარიაში გადაინაცვლა. ჩააბარა კულინარიის აკადემიაში და მალევე მშობლიურ ქალაქში მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანში “Il Postale di Marco e Barbara” დაიწყო მუშაობა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ენცო ნერი მუშაობდა ლონდონში, დუბაიში, ნიუ-იორკში და კიდევ რამდენიმე ათეულ ქვეყანაში.

მისი ქართული ისტორია 2015 წელს იწყება, როდესაც საქართველოში მეგობარმა მასტერკლასის ჩასატარებლად მოიწვია. მეორედ თბილისში 2017 წელს ჩამოვიდა როგორც ერთ-ერთი რესტორნის თანადამფუძნებელი. ბოლო ორი წლის განმავლობაში ენცო ნერი იყო ისეთი ცნობილი კომპანიების კონსულტანტი, როგორიცაა ბიოლი და რედისონი.

„უკვე 2019 წელს შევხვდი მარიკა ბიბილეიშვილს, რომელიც „დაუნთაუნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. მან შემომთავაზა, განახლებული რესტორნისთვის შემექმნა მენიუ. როდესაც „დაუნთაუნი“ ვნახე, ძალიან მომეწონა ადგილმდებარეობა და ის ფაქტი, რომ მისი განახლება ინდუსტრიულ სტილში ხდებოდა. ჩამოვყალიბდით, რომ „დაუნთაუნისთვის“ ახალი კონცეფციის შესაბამის მენიუს შევქმნიდი“ - ამბობს ენცო ნერი.

განახლებული „დაუნთაუნის“ მენიუ ჯანსაღი კვების პრინციპს ეფუძნება. ენცო ნერი ამბობს, რომ რესტორნის კერძები იქნება ბრენდ შეფის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიღებული გამოცდილების და შემოქმედებითი მიდგომის ნაზავი და არა რომელიმე კონკრეტული ქვეყნის სამზარეულოსი.

ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებს და თანამედროვე მომზადების ტექნიკას, რადგანაც მაქსიმალურად შენარჩუნებული იყოს პროდუქტების ნატურალური გემო, თვისებები და ვიზუალური მხარე - ამბობს შეფი.

ენცო ნერის სამზარეულოს ძირითადი ფილოსოფია, ახალი ინგრედიენტები, უბრალოებისა და პიკანტურობის შეთავსებაა თითოეულ კერძში.

ენცო ნერი ამბობს, რომ რესტორნის ცენტრში მოთავსებული 20 კაციანი მაგიდა, კერძების გაზიარების ქართულ ტრადიციას და ევროპაში ჩვეულ სოციალიზაციის კულტურას აბალანსებს.

„დაუნთაუნის“ მენიუ ყოველ 3 თვეში, სეზონურობის მიხედვით განახლდება. თუმცა სტუმარი რამდენიმე პოპულარული კერძის დაგემოვნებას მთელი წლის განმავლობაში შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ „დაუნთაუნის“ 50% საინვესტიციო კომპანია „სინერჯი კაპიტალმა“ შეისყიდა. „სინერჯი კაპიტალის“ თავდაპირველ გეგმაშია რესტორნის განახლებული კონცეფციით გახსნა და უკვე შემდგომ, ქსელის გაფართოება.