2019 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტს 40 მილიონამდე ლარი დააკლდა, რაც სხვა წყაროებიდან შეივსო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტს 40 მილიონ ლარამდე თანხა დააკლდა.

როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ აცხადებენ, 2019 წელს „მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“ პროგრამის დამტკიცებული ბიუჯეტი 754 000 000 ლარი იყო, ხოლო დაზუსტებული ბიუჯეტი განისაზღვრა 793 706 220 ლარის ოდენობით. შესაბამისად, აღნიშნულ პროგრამაზე ბიუჯეტიდან თავდაპირველად გამოყოფილ თანხაზე 39 706 220 ლარით მეტი დაიხარჯა.

ამასთან, უწყებაში განმარტავენ, თუ საიდან მოხდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 40 მილიონამდე თანხის დამატება.

„აღნიშნული პროგრამის ხარჯვის დინამიკიდან გამომდინარე, ხარჯების სრულად დასაფინანსებლად, საჭირო გახდა ასიგნებების გაზრდა, რომელიც განხორციელდა: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამების ბიუჯეტებში წარმოქმნილი თავისუფალი რესურსებისა (38 806 020 ლარი) და იანვარ-დეკემბრის თვეებში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიების გამოყენების (900 200 ლარი) ხარჯზე“, - აღნიშნულია უწყების ოფიციალურ პასუხში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში წინა წლების განმავლობაში დაგროვილი აქვს დავალიანება, რომლის დასაფარად გასული წლის ბოლოს დამატებით 35 მილიონი ლარი გამოიყო.

„მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“ პროგრამის ფარგლებში წარმოქმნილი ვალდებულებების ნაწილობრივი დაფარვის მიზნით, საქართველოს მთავრობის 19 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოიყო 35 000 000 ლარი“, -აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 2013 წლის 28 თებერვალში ამოქმედდა. ამასთან, გასულ წელს მასში გარკვეული ცვლილებები შევიდა, კერძოდ ამოქმედდა 520-ე დადგენილება, რომლის თანახმადაც ყველა კლინიკისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფები გათანაბრდა.