Facebook-ი მზადაა ფოტოებზე სახეების უნებართვოდ ამოცნობის გამო 550 მლნ დოლარის კომპენსაცია გადაიხადოს

სოციალური ქსელი Facebook-ი დათანხმდა გადაიხადოს 550 მილიონი დოლარის კომპენსაცია კოლექტიური სარჩელის დარეგულირებისთვის, რომელიც პლატფორმაზე ფოტოებზე სახის ამომცნობი ტექნოლოგიის ნებართვის გარეშე გამოყენებას ეხება. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

საუბარია ტექნოლოგიაზე Tag Suggestions, რომელიც ავტომატურად ნიშნავს ადამიანებს გამოქვეყნებულ ფოტოზე. კოლექტიური სარჩელის თანახმად, რომელიც ილინოისის შტატში შეიტანეს, კომპანიამ დაარღვია კონფიდენციალურობის შესახებ შტატის კანონი, ვინაიდან მოიპოვებდა და ინახავდა მომხმარებლების მონაცემებს მათი თანხმობის გარეშე.

Facebook-ში თავის ხმრივ აღნიშნულ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდეს, თუმცა სოციალურმა ქსელმა გადაწყვიტა გადაიხადოს კომპენსაცია და ამავდროულად დაფაროს სასამართლოს პროცესების ხარჯები.

შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კომპანიას პერსონალური მონაცემების უნებართვო მოპოვება-შენახვაში სდებენ ბრალს. გასული წლის ზაფხულში ამერიკის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ ამ მიზეზით Facebook-ი 5 მლრდ დოლარით დააჯარიმა.

კოკა კვირკველია