უახლოეს დღეებში საქართველოში საწვავი გაიაფდება

დღემდე ”პლატცის” მიხედვით 1 ტონა ბენზინის ფასი 900 დოლარამდე დავიდა, ხოლო დიზელის - 813 დოლარი ღირს

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბოლო ხანებში მსოფლიოში ნავთობის ფასი საგრძნობლად შემცირდა - ბოლო ორი წლის განმავლობაში ნავთობზე ასეთი დაბალი ფასი ჯერ არ დაფიქსირებულა: ”პლატცის” მიხედვით 1 ტონა ბენზინი 900 დოლარი ღირს, ხოლო დიზელის საწვავი - 813 დოლარი. საქართველოში კი საწვავის ფასები თითქმის არ შეცვლილა, მხოლოდ ერთმა კომპანიამ, კერძოდ, ”ლუკოილმა” შეამცირა ფასი ყველა სახის პროდუქტზე, სხვა კომპანიები ძველი ტემპით განაგრძობენ მუშაობას. ბუნებრივია, მოსახლეობას აწუხებს კითხვა - რატომ არ მცირდება საწვავის ფასი ჩვენს ქვეყანაში?

Bpn.ge-მ ეს შეკითხვა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარეს -ვანო მთვრალაშვილს დაუსვა.

ვანო მთვრალაშვილი:

ვერავინ უარყოფს, რომ ნავთობბის ფასი აშკარად შემცირებულია. ამას ბოლო ორი თვის მონაცემებიც ადასტურებს: მთელი აგვისტოს პერიოდში საწვავის საერთაშორისო ფასი სტაბილურ დიაპაზონში მერყეობდა. კერძოდ, 1 ტონა ბენზინის ფასი იყო 935 დოლარი, 948 დოლარი, ბოლოს კი - 960 დოლარიც გახდა, თუმცა, 10 სექტემბრის შემდეგ ფასების მკვეთრი კლება დაიწყო და დღემდე ”პლატცის” მიხედვით 1 ტონა ბენზინის ფასი 900 დოლარამდე დავიდა, ხოლო დიზელის - 813 დოლარი ღირს.

- როდის აისახება ეს დინამიკა ქართულ ბაზარზე?

- ფასების მკვეთრი ვარდნის შემდგომ უკვე გავიდა 13-14 დღე. გაიაფებულ პროდუქტს პირველ რიგში შეძენა უნდა, მერე მისი ტრანსპორტირებაა საჭირო და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება შესაძლებელი ადგილობრივ ბაზარზე მისი გაიაფება. სულ ცოტა, 10-14 დღე ამ პროცესს ყოველთვის სჭირდება. შესაბამისად, უკვე დგება ის პერიოდი, როდესაც კომპანიები ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას და საწვავის ფასი თავისთავად შემცირდება. უნდა გითხრათ, რომ ”პლატცის" დღევანდელი ფასიდან გამომდინარე, სხვა ალტერნატივა არ არსებობს და ჩვენს ქვეყანაში საწვავის ფასი აუცილებლად შემცირდება.

- როდის დაიწყება შემცირება და სავარაუდოდ, რამდენით გაიაფდება საქართველოში ნავთობპროდუქტები?

- როდის მოხდება ეს - დღესვე, ორ დღეში, თუ რამდენიმე დღეში, ძნელი სათქმელია, თუმცა, აშკარაა, რომ საწვავის ფასი საქართველოშიც შემცირდება, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ამას მარტო ჩვენ კი არ ვამბობთ, არამედ ნავთობკომპანიების წარმომადგენლებიც. რა თქმა უნდა, მოსახლეობას სურს, რომ ეს რაც შეიძლება ადრე მოხდეს, მაგრამ ნებისმიერი კომპანია თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს, ეს მათი საქმეა. თუმცა, როდესაც რომელიმე მათგანს ფასი შედარებით დაბალი აქვს, ეს ამ ბაზარზე კონკურენციას ამძაფრებს და თვითონ კომპანიების ინტერესებშიც შედის, რომ ფასები შეამცირონ. ცალსახაა, რომ საწვავზე ფასები შემცირდება სადღაც 3-5 თეთრის ოდენობით. შემდგომში კი პროცესები იმის მიხედვით წარიმართება, თუ რა ვითარება იქნება საერთაშორისო ბაზარზე. თუმცა, პირველ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე თეთრით შეიცვლება.

- მოსახლეობა ხშირად უჩივის ნავთობკომპანიებს, რომ ისინი მოგების მაღალ მარჟაზე მუშაობენ, რომ ხალხის ჯიბიდან იღებენ ფულს...

- სავსებით გასაგებია, რომ მომხმარებელი ასეთ პრეტენზიას გამოხატავს. სხვათა შორის, ეს ხდება ყველა ქვეყანაში, რომელიც საერთაშორისო ფასებზეა დამოკიდებული. ამ მხრივ საქართველოც არ არის გამონაკლისი. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, არც ერთი კომპანიის ინტერესებში არ შედის, რომ მაღალი ფასი შეინარჩუნოს. პირველი იმიტომ, რომ მომხმარებელი ჰყავს უკმაყოფილო, მეორე - მაღალი ფასის დროს პროდუქციის მოხმარება მცირდება, მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი - ბენზინის ალტერნატივა არის ავტოგაზი, რომლის ფასიც გაცილებით დაბალია. საერთოდ, როდესაც ბენზინი ძვირდება, ძალიან ბევრ მომხმარებელს გადაჰყავს თავისი მანქანა ავტოგაზზე. შესაბამისად, ვისაც დაბალი ფასი აქვს, მისი მოხმარებაც იზრდება. მე ვფიქრობ, რომ თავისი პროდუქციის გაიაფება პირველ რიგში კომპანიას უნდა აძლევდეს ხელს. საზოგადოების პრეტენზიები მაღალი ფასების გამო მუდმივად იქნება, ასეთი რამ ხდება მსოფლიოს ყველაზე მდიდარ, მოწინავე ქვეყნებშიც კი: საწვავის ფასები მომხმარებლის უკმაყოფილებას თითქმის ყველგან იწვევს. რაც შეეხება საყვედურს, რომ ნავთობკომპანიები საქართველოში მოგების მაღალ მარჟაზე მუშაობენ, თითოეული კომპანია აქვეყნებს მოგება-წაგების სიას და ჩვენც შეგვიძლია გავეცნოთ რა მოგებაზე გავიდა ესა თუ ის კომპანია. ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში კომპანიები არ მისცემენ თავს იმის უფლებას, რომ კოლოსალური და არარეალური მოგების მარჟებზე იმუშაონ. მართალია, ყველა მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე ამის საწინააღმდეგო მოსაზრებას ვერ დავეთანხმები.

ხათუნა ჩიგოგიძე