გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს პირველ რეზიდენტ ელჩს აბდულა ალ-მუტაირს შეხვდნენ.
ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და საქართველოში ინვესტიციების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.
„საუბარი შეეხო საუდის არაბეთში ქართული ცხვრის ექსპორტის საკითხს. მინისტრმა აბდულა ალ-მუტაირს ქართული თხილის, თაფლის და ლურჯი მოცვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ამ პროდუქციას მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი აქვს. ყურადღება ეკოტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივაზეც გამახვილდა.
შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში საუდის არაბეთის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.
საუდის არაბეთის სამეფოს ელჩმა საქართველოსთან, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანასთან, აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა“, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.