Adidas-მა H&M-თან 23-წლიანი სასამართლო დავა წააგო

კომპანია H&M-ის სპორტულ ტანსაცმელზე დატანილი ორი ხაზი არ არღვევს ბრენდ Adidas-ის საავტორო უფლებებს, რომლის საფირმო ნიშანია სამი ხაზი. აღნიშნული გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ გამოაცხადა. მათი განაჩენით ხაზების პროპორცია მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, ეს კი ნიშნავს, რომ მომხმარებელი შეცდომაში ვერ იქნება შეყვანილი, თუ რომელი კომპანიის ლოგოა სამოსზე დატანილი.

აღსანიშნავია, რომ იურიდიული გარჩევა ორ კომპანიას შორის 1997 წელს დაიწყო, როცა Adidas-ის ყურადღება მიიქცია H&M-ის მაღაზიებში გასაყიდად გამოტანილმა სპორტულმა სამოსმა - Work Out. ამ ხაზის სამოსზე მაისურებსა და შარვლებზე დატანილი იყო ორი პარალელური ვერტიკალური ხაზი. Adidas-ში ჩათვალეს, რომ მსგავსი დიზაინი მსაგვსებაა მათ სამხაზოვან საფირმო ნიშანთან და ამას შეეძლო მომხმარებლებში დაბნეულობა გამოეწვია. სპორტულმა ბრენდმა ამის გამო ბაზრის კვლევა რამდენჯერმე ჩაატარა, რათა გაერკვია მოხმარებლების რამდენი პროცენტი შეიძლებოდა დაბნეულიყო ამის გამო. ერთ-ერთ გამოკითხვაში მსგავსება 24%-იანი აღმოჩნდა, მეორე კვლევაში კი 10%-იანი.

ცნობისათვის, სასამართლომ რამდენჯერმე Adidas-ის მხარე დაიკავა და საავტორო უფლებების დარღვევა დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ შვედებმა ამ ხაზის სამოსი გაყიდვიდან სრულად ამოიღეს, მათ მაინც არ შეწყვიტეს სასამართლო გზით ბრძოლა და ჰააგის სააპელაციო სასამართლოს მიმართეს, რომელმაც თავის მხრივ, საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა. Adidas-ს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება უკვე უზენაეს სასამართლოში შეუძლია, სადაც მხოლოდ იურიდიულ საკითხებს განიხილავენ და არა ზოლების სიფართეს.

კოკა კვირკველია