რას უხელმძღვანელებს და რა ქონებას ფლობს გიორგი ჩოგოვაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორად გიორგი ჩოგოვაძე წარადგინა.

ცნობისთვის, აქამდე ჩოგოვაძე საქართველოს აეროპოტების გაერთიანების დირექტორის პოზიციას იკავებდა, სადაც 2018 წლის მიწურულს დაინიშნა. მანამდე კი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

2020 წლის 30 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ჩოგოვაძე ფლობს, 1 034 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს სოფელ ნატანებში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი - Volkswagen Golf plus-ი.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის სევსების მომენტში, ჩოგოვაძეს საბანკო ანგარიშზე ჯამში, 2 403,72 ლარი, ნაღდი ფულის სახით კი ფლობდა 24 400 ლარს და 17 300 დოლარს. ამასთან, მისმა შემოსავალმა - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტზე 2019 წლის განმავლობაში - 107 528 ლარი შეადგინა. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ჩოგოვაძეს სესხიც ჰქონდა, რომლის შედეგედაც მისმა წლიურმა გასავალმა - 13 525,26 დოლარი შეადგინა.

გარდა ამისა, დეკლარაციის მიხედვით, ჩოგოვაძის მეუღლე ფლობს, 1 300 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს კოჯორში; 68 კვ. მეტრისა და 190,68 კვ. მეტრის ორ ბინას თბილისში; ასევე 80 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს თბილისში.

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში - 930 ლარი და 1 300 დოლარი; ნაღდი ფულის სახით კი ჩოგოვაძის მეუღლე ფლობდა 15 400 დოლარს და 33 700 ლარს. მისმა შემოსავალმა 2019 წელს - საქართველოს ბანკის ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე - 69 344,42 ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის შექმნის იდეა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გაჟღერდა ეკატერინე ტიკარაძის მიერ. მისი თქმით, ჰოლდინგში სახელმწიფო კლინიკები - „თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი, ბავშვთა ინფექციური და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გაერთიანდება, მოექცევა ერთიან კონცეფციაში და იქნება სახელმწიფოს მართვასა და საკუთრებაში“.

თაია არდოტელი