„მთის კურორტების განვითარების კომპანიის" განცხადებით, გუდაურში სათხილამურო ტრასის მდგომარეობა, რამაც დამსვენებლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, თოვლის სიმცირის შედეგია.
როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, დამუშავების შემდეგ კურორტზე თოვლის საფარი 40 სმ-მდეა, რაც საკმარისი არ არის.
„ამ ეტაპზე სათხილამურო ტრასებზე კვლავ თოვლის სიმცირეა. თოვლსატკეპნი ტექნიკა ყოველ ღამე მუშაობს. კურორტზე დაახლოებით 60 სმ ფაფუკი თოვლი მოვიდა, თოვლის დამუშავების შედეგად მივიღეთ 40 სმ-მდე საფარი, რომელიც არ არის საკმარისი.
სათხილამურო ტრასას სჭირდება თოვლის შესაბამისი დამუშავება. სწორედ დაჩეხილ- დამუშავებული თოვლი გვაძლევს "ფრეზის" გამოყენების საშუალებას, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია ტემპერატურა (ყინვა).
გუშინდელმა დღემ საშუალება მოგვცა მოგვემზადებინა მხოლოდ პირველი, კუდები 1,2,3 , გუდაურა 1 , სნოუპარკისა და კობი- გუდაურის სათხილამურო გზები“, - აცხადებენ „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“, - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" უწყებაში.
ცნობისთვის, ერთ-ერთმა დამსვენებელმა გუდაურიდან ვიდეო გაავრცელა, რომელშიც სათხილამურო ტრასის ცუდი მდგომარეობის შესახებ საუბრობს. კერძოდ კი აცხადებს, რომ ტრასა სათანადოდ არაა დამუშავებული, მასზე ქვები ყრია, რაც თხილამურს აზიანებს.