პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-11 სხდომა მიმდინარეობს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა, კერძო სექტორის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობის პერსპექტივები, გადახდისუუნარობის ახალი კანონპროექტი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება და ბიზნესსექტორისთვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
რიგით მე-11 სხდომას ესწრებიან: საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი მაიკლ ქაუგილი, გერმანიის ბიზნეს-ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე საშა ტერნესი, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და სხვა ადგილობრივი და უცხოური ბიზნეს-ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ცნობისთვის, ინვესტორთა საბჭო არის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო, რომელიც 2015 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა და მიზნად ისახავს დიალოგის წარმოებას კერძო სექტორის მეწარმე სუბიექტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად.