პრემიერის მრჩევლის განცხადებით, ინვესტორთა საბჭოს სხდომის კონკრეტული შედეგი ისაა, რომ მთავრობის მომავალ სხდომაზე ორი კანონპროექტი გავა განსახილველად

ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ინვესტორთა საბჭოს დღევანდელი სხდომის კონკრეტული შედეგი ისაა, რომ მთავრობის მომავალ სხდომაზე ორი კანონპროექტი გავა განსახილველად.

როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებს ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-11 სხდომის შემდეგ განუცხადა, მთავრობის სხდომაზე გადახდისუუნარობის ახალი კანონპროექტი და საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტი გავა განსახილველად.

„გადახსისუუნარობის შესახებ კანონი, საკითხი, რომელიც წლებია აწუხებს ბიზნესს, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის შემდეგ სხდომაზე ამ კანონპროექტის სამუშაო ვერსია განიხილება. შემდეგ გადაეგზავნება პარლამენტს და იმედი გვაქვს საგაზაფხულო სესიაზე მივიღებთ კანონპროექტს, რის შედეგადაც პირველ რიგში აღსრულების ეროვნული ბიურო აღარ ისარგებლებს ექსკლუზიური უფლებით საქმის წარმოების პროცესში და ფინანსთა სამინისტროს უპირატესობა ექნება.

მეორეა საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონი, რომლის განხილვაც შემდეგ მთავრობის სხდომაზე მოხდება. განსაკუთრებული, რაც ამ კანონს ახასიათებს, არის საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმები, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.

პრემიერის მრჩევლის ინფორმაციით, ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ რამდენიმე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, მათ შორის ენერგეტიკის რეფორმის ფარგლებში და ასევე, საქართველოს საინვესტიციო ზრდის მიმართულებით.

ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-11 სხდომა გაიმართა.