თურქული ბიზნესისთვის საქართველოში გლობალური, სტრატეგიული პრობლემა არ არსებობს, - ამის შესახებ ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ოსმან თურანმა, ინვესტორთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ზოგადი ბიზნეს გარემო და ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში ინვესტიციების საკითხები.
„მადლობელი ვარ, რომ ჩვენი ასოციაცია პირველად ესწრება ამ შეხვედრას. ჩვენმა სამუშაო ჯგუფმა გასულ კვირას საკითხები გადმოაგზავნა და დღეს ეს თემები განვიხილეთ. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ყველა საკითხი განვიხილეთ. აქ არ განიხილებოდა თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობები. განვიხილეთ ზოგადი ბიზნეს გარემო. აქცენტი გაკეთდა ინვესტიციებზე ენერგეტიკის სფეროში. იყო შეფერხება ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშრებით და შესაბამისმა სტრუქტურებმა განაცხადეს, რომ შესაბამის ზომების მიიღებენ. თურქული ბიზნესისთვის საქართველოში გლობალური, სტრატეგიული პრობლემა არ არსებობს“, - განაცხადა ოსმან თურანმა.
ინვესტორთა საბჭოს სხდომა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.