ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე ავტომანქანების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ორი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე, ავტომანქანების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ორი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სპეციალური უფლებამოსილების განხორციელებისას, გურიის რეგიონში მდებარე სერვის-ცენტრებში, კერძო პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების პროცესში, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ყალბი დასკვნები გასცეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.