„მომხმარებელი უფრო მეტ ხორცს წაიღებს სახლში, ვიდრე მანამდე“ - გააძვირებს თუ არა ფრინველის ხორცს ახალი რეგლამენტი

ფრინველის ხორცი შესაძლოა, სავარაუდოდ, 15-20%-ით გაძვირდეს.

როგორც გაყიდული ქათმის ხორცის იმპორტიორ კომპანიაში აცხადებენ, ამის მიზეზი შეიძლება ის ახალი რეგლამენტი გახდეს, რომელიც მთავრობამ სულ ახალხანს დაამტკიცა და რომლის მიხედვითაც პროდუქტში წყლის შემცველობა 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით „ტექნიკური რეგლამენტი - ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიიღო. აღნიშნული ცვლილების თანახმად, 2025 წლამდე გაყინული და სწრაფად გაყინული ქათმის მარკეტინგი დასაშვებია, თუ პროდუქტში წყლის შემცველობა არ აღემატება 5%-ს. ხოლო, 2025 წლის შემდეგ, ტექნიკური რეგლამენტი ადგენს, გაციების მეთოდიდან გამომდინარე, წყლის შემცველობის დასაშვებ სხვადასხვა ნორმას.

რეგლამენტით განსაზღვრულია დაფასოებული ადგილობრივი წარმოების გაყინული ან სწრაფად გაყინული ფრინველის ხორცის წონის კატეგორიის მიხედვით კლასიფიცირებაც. რეგლამენტის თანახმად, ყველა დაფასოებულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს წონის მაჩვენებელი.

ამასთან, ეტიკეტზე მეურნეობის ტიპის და ფრინველის ზრდის/გამოყვანის მეთოდების მითითება დასაშვები იქნება მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. იმპორტირებული ხორცის შემთხვევაში, მას უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ან აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმი, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას გამოიწვევს ბაზარზე ახალი რეგლამენტი, რაზეც ფრინველის ხორცის იმპორტიორების ნაწილი ამბობს, რომ პროდუქტი 15-20%-ით გაძვირდება. თუმცა, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მოგებული მოხმარებელი დარჩება, რადგან ეცოდინება, რომ გადახდილი ფულით სუფთა წონის ხორცს შეიძენს და არა წყალს.

„გეო ფუდის“ დირექტრის მოადგილე გიორგი ჯოხაძე (იმპორტიორი)- „ზოგადად, გაყინული ქათმის ხორცის შემთხვევაში, აუცილებელია წყლის შემცველობა, თუმცა, რა თქმა უნდა, ნორმის ფარგლებში. ჩვენი პროდუქცია ამ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს და წყლის შემცველობა ნამდვილად არ აჭარბებს 5%-იან ზღვარს. თუმცა, უკრაინიდან, ასევე, თურქეთიდან იმპორტირებული გაყინული ფრინველის ხორცის შემთხვევაში, წყლის შემცველობა ხშირად არის 5%-ზე მეტი, რაც თავისთავად პრობლემა იქნება. ახალი რეგლამენტი კი სავარაუდოდ, პროდუქციის გაძვირებას გამოწვევს. ალბათ, 15-20%-ით“.

პროდუქციის გაძვირების პროგნოზს არ იზიარებს მეფრინველეობის განვითრების ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი. მისი თქმით, რეგლამენტის შემუშავება, მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან ერთად მოხდა. შესაბამისად, გათვალისწინებულია როგორც მათი, ისე მომხმარებლების ინტერესი.

„რეგულაცია, რომელიც გაყინული ფრინველის ხორცში წყლის შემცველობას განსაზღვრავს, როგორც ადგილობრივ მწარმოებლებთან, ისე მპორტიორებთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან ერთად შემუშავდა. რამდენიმე თვის განმავლობაში ყველასთან მიმდინარეობდა კონსულტაციები, რათა არავინ დაზარალებულიყო, არც მომხმარებელი და არც მწარმოებელ/იმპორტიორი. ეს არის ის რეგულაცა, რომელიც თითქმის, ყველა ქვეყანაში მოქმედებს და თავისთავად, ძალიან კარგია, რადგან ხშირად ხდებოდა მომხმარებლის მოტყუება, ამასთან, ზარალდებოდა პატიოსანი მწარმოებელი და იმპორტიორიც.

რეგულაციის შედეგად, ბაზარზე პროდუქციის ფასის მომატებას გამოვრიცხავ, თუმცა, თუ ეს მაინც მოხდა, არ დაზარალდება მომხმარებელი, რადგან მანამდე იაფად ყიდულობდა წყლის მეტი შემცველობის პროდუქტს. შესაბამისად, თუ კილოგრამი პროდუქტის ღირებულება გაიზრდება, ჩათვალეთ, რომ მომხმარებელი უფრო მეტ ხორცს წაიღებს სახლში, ვიდრე მანამდე“,- აღნიშნავს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.

ნინი ქეთელაური