CNN - ჩინეთში კორონავირუსით გამოწვეული ზარალი 60 მლრდ დოლარი იქნება

გაჩერებული საწარმოები, დახურული მაღაზიები და კვების ობიექტები, შემცირებული ეკონომიკა - ეს კორონავირუსის პირველი ნეგატიური შედეგია ჩინეთის ეკონომიკაზე. საერთო ჯამში კი, როგოც CNN საერთაშორისო ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, ჩინეთის ეკონომიკა კორონავირუსის გამო 60 მლრდ დოლარით იზარალებს.

„კორონავირუსის გამო ჩინეთის ეკონომიკური ზრდა წლის ბოლომდე 0.5%-ით შემცირდება და 6.1%-ის ნაცვლად 5.6%-ს შეადგენს. ჩინეთის ეკონომიკის მასშტაბისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე კი ეს ყველაფერი მსოფლიო ეკონომიკურ ზრდაზეც აისახება და ნავარაუდევი 2.3%-იანი ზრდის ნაცვლად 2.1%-მდე შემცირდება“- წერს The New York Times.

გამოცემის მიხედვით, ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოში ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა, რასაც სპეციალისტები კორონავირუსს უკავშირებენ. დღეისათვის ლონდონის ბირჟაზე ნავთობის ღირებულებამ ბარელზე 54,7 დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 13 თვის მინიმუმად შეიძლება ჩაითვალოს. კორონავირუსის გამო ჩინეთში ნავთობის მოხმარებაზე მოთხოვნა 20%-ით შემცირდა, რაც დღეში 3 მილიონ ბარელს შეადგენს.

კორონავირუსმა ასევე დიდი გავლენა მოახდინა ჩინური კომპანიების ფასებზე მსოფლიო ბირჟაზე. Investing.com-ის ინფორმაციით, Shanghai Composite-ის ინდექსი 8,7%-ით დაეცა, 2.734,66 პუნქტამდე, ხოლო SZSE Component-ის 9.1%-ით, 9.784,56 პუნქტამდე.

მნიშვნელოვანი ვარდნა მოხდა ჩინეთის ეკონომიკურ ცენტრ ჰონგ-კონგშიც. ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე Hang Seng-ის ინდექსი 191 პუნქტით შემცირდა და 26 159 შეადგინა.

რაც შეეხება ჩინური კომპანიების ფასებს, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ მათი აქციების ფასები საშუალოდ 6.7%-ით შემცირდა.

სპეციალისტების თქმით, კორონავირუსის გამო ჩინეთში წარმოებულ ასობით სხვადასხვა პროდუქტზე, მათ შორის მობილურ ტელეფონებზე, ტექნიკასა და საყოფაცხოვრებო ნივთებზე მოთხოვნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვნად შემცირდა.

კორონავირუსის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ჩინეთის ხელისუფლებამ 150 მილიარდი იუანი (22 მილიარდი აშშ დოლარი) გამოყო. აღნიშნული თანხა კორონავირუსის გავრცელების შეჩერებასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება.

CNN-ის მიხედვით, ეპიდემიის დასრულების შემდეგ ჩინეთში კორონავირუსით გამოწვეული ზარალი საერთო ჯამში 60 მილიარდი აშშ დოლარი იქნება.

კორონავირუსის გამო ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორებიცაა Apple, Starbucks, Ikea და Nike, ჩინეთში მაღაზიები დროებით დახურეს. ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით დროებით შეაჩერეს მუშაობა General Motors-ისა და Toyota-ს ავტომობილების მწარმოებელმა მაღაზიებმა.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ავიაკომპანიებმა, მათ შორის, British Airways-მა, Delta-მ და Lufthansa-მ ჩინეთის მიმართულებით ასობით ავიარეისი გააუქმეს.

შეგახსენებთ, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ჩინეთში, ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანში გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს ჩინეთში 425 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი 20 000-სს გადააჭარბა. კორონავირუსის შემთხვევები ჩინეთის გარდა მსოფლიოს 25-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.

ბექა ბერიაშვილი