„ეროვნულმა ბანკმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ყველა ის ბერკეტი, რომელიც მას გააჩნია, რათა ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდეს“,- ამის შესახებ ეკონომისტმა ლაშა გოცირიძემ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისის თქმით, 6,4%-ანი წლიური ინფლაცია, შესაძლოა, საგანგაშოდ არ ჟღერდეს, თუმცა თუ სტრუქტურაში ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ კვების პროდუქტების გაუფასურების მაჩვენებელი 11%-ზე მეტია.
„ინფლაციის აღქმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. სტატისტიკის სამსახური ინფლაციას ითვლის საშუალო სტატისტიკური ოჯახის ხარჯებიდან გამომდინარე, როგორია ერთ საშუალო ოჯახზე კვების ხარჯები, კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის, სამედიცინო საჭიროების და ა.შ. თუმცა, რეალურად ეს სტრუქტურა ყველა ოჯახში არის ინდივიდუალური და როგორც ცნობილია, დაბალ შემოსავლიან, ე.წ ღარიბ ოჯახებში, ყველაზე მოწყვლად ჯგუფში, საკმაოდ მაღალია პირველადი მოხმარების საგნებზე ხარჯები, მაგალითად, ისეთზე როგორიც არის კვება. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ 6,4%-ა წლიური ინფლაცია, ეს რიცხვი შეიძლება არ ჟღერდეს საგანგაშოდ, მაგრამ თუ შიგნით სტრუქტურაში ჩავეძიებით, ვნახავთ, რომ 11%-ზე მეტია კვების პროდუქტების გაუფასურება. სინამდვილეში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ურტყამს მოწყვლად ჯგუფს, ანუ ყველაზე დაბალშემოსავლიანებს. ამიტომ, ეს 6% შეიძლება ვიღაცისთვის არ იყოს ძალიან კრიტიკული, მაგრამ ამ ადამინებისთვის ძალიან კრიტიკულია.
იმ ოჯახებში, სადაც ხანდაზმულები ჭარბობენ, შეიძლება სამედიცინო, თუ მედიკამენტების ხარჯები იყოს ძალიან დიდი, შესაბამისად, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად გაიზარდა ფასები“,- განაცხადა ლაშა გოცირიძემ.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა მთავრობას, რომ ინფლაციის მაჩვენებელი შეამციროს, ეკონომისტმა განაცხადა, რომ ამის უამრავი ბერკეტი არსებობს.
„რა თქმა უნდა, არსებობს მონეტარული პოლიტიკის უამრავი ინსტრუმენტი, რომელიც ეროვნულ ბანკს გააჩნია და რომლის მთელი ძალით ამოქმედებაა საჭიროა, რათა ინფლაციის მაჩვენებლი შეცირდეს. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი თვის და წლების განმავლობაში არის აცდენა მიზნობრივისგან და ამასთან, ეს არის მნიშვნელოვანი აცდენა. ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ყველა ის ბერკეტი, რომელიც მას გააჩნია, რათა ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდეს. თუმცა, ამავე დროს, მთავრობის საქმიანობაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მან ეკონომიკური პოლიტიკა ისე უნდა წარმართოს, რომ ეს არ იყოს ხელის შემშლელი და შემაფერხებელი. მაგალითად, იგივე გადასახდების გაზრდა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, იგივე, რამდენიმე წლის წინ ამოქმედებული, გადასახადების ზრდა საწვავზე. კი, ეს იყო ერთჯერადი, მაგრამ მაინც აისახა მოსახლეობის ჯიბეზე არამარტო ტრანსპორტირების მიმართულებით, შემდეგ ნელ-ნელა გადანაწილდა სხვა ჯგუფებზეც“,-განაცხადა ლაშა გოცირიძემ.