„ფინკა ბანკი“ და „კრისტალი“ ერთიანდებიან?!

„ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, „ფინკა ბანკი საქართველო“ და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ ერთიანდებიან.

ორ ფინანსურ სუბიექტს შორის მოლაპარაკებებს ადასტურებენ „ფინკა ბანკში“: „ამ ეტაპზე „ფინკა ბანკსა“ და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალს“ შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები გაერთიანების შესახებ. გაერთიანების მიზანია, შეიქმნას უფრო მასშტაბური და მდგრადი კომპანია, რომელიც მეტ შესაძლებლობებს და მომსახურებას შესთავაზებს მომხმარებელს საქართველოში“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ „ფინკა ბანკში“.

კითხვაზე, რა სახელით გააგრძელებს ეს გაერთიანება ბაზარზე ოპერირებას, „ფინკაში“ ამაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ, თუმცა აცხადებენ, რომ გაერთიანების შედეგად ბაზარზე გაჩნდება კიდევ ერთი დიდი ბანკი.

გაერთიანებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებს ადასტურებენ „კრისტალში“. როგორც მიკროსაფინანსო ოგანიზაციის ხელმძღვანელი არჩილ ბაკურაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, „გაერთიანება მიზნად ისახავს ბანკის გამსხვილებას და გაძლიერებას. ამ პროცესს მხარს უჭერენ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები. პროცესი დასრულდება, როდესაც ეროვნული ბანკის თანხმობას მივიღებთ ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.

ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 20 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს. „ფინკა“, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოში 1998 წელს შემოვიდა. 2013 წლის აგვისტოში „ფინკა საქართველომ“ საბანკო ლიცენზია მიიღო და ოპერირება როგორც ბანკმა ისე გააგრძელა. ამ ეტაპზე „ფინკა ბანკს“ საქართველოს მასშტაბით 36 ფილიალი აქვს და ემსახურება 120 000-ზე მეტ კლიენტს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალი“ 1995 წელს დაფუძნდა. ამ ეტაპზე ის საქართველოს მასშტაბით მართავს 331 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმეული ჰყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50 ფილიალით და ემსახურება 100,000 ზე მეტ კლიენტს.

ელზა წიკლაური