მოქალაქეს უძრავ ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ

ძეძილეთი-გორდი-ნოღის საავტომობილო გზის მშენებლობის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.

„ზემოაღნიშნული გზა წარმოადგენს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხასა და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზებს შორის კავშირს, რომელიც ასევე საქართველოს საავტომობილო გზების ქსელთან აკავშირებს სოფლებს (გაღმა ნოღა, გამოღმა ნოღა, ძეძილეთი) და საგზაო კავშირს წარმოადგენს ტურისტული დანიშნულების ობიექტებთან (ოკაცეს კანიონი, პრომეთეს მღვიმე და ა.შ).

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დაახლოებით 10 კმ მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც იწყება შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი) -წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზების მე-15 კილომეტრიდან (მარცხენა მიერთება) და მთავრდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხას საავტომობილო გზასთან (მარჯვენა მიერთება, სოფლებს ხიდსა და გამოღმა ნოღას შორის მონაკვეთზე). საპროექტო მონაკვეთის საერთო სიგრძეა 9 947 მეტრია,“-აღნიშნულია ბრძანებაში.

პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტმა მოამზადა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპესაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

თუმცა, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად მოქალაქესთან, ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. კერძოდ, საუბარია ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გაღმა ნოღაში მდებარე 1 147 კვ.მ ფართის სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების, სოფელ გორდში მდებარე 39 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და 58 კვ.მ ფართის სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მფლობელ პავლე ჩიხლაძეზე. შესაბამისად, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარა.

თაია არდოტელი