საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, (ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე) და შემდეგ ქალაქებში: ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური - განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 46 920 ღერი სიგარეტი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.
"საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა, ხოლო ერთ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის გამო, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.