ვინ უქმნის საფრთხეს საქართველოს საფონდო ბირჟას?

”საფონდო ბირჟის მეთვალყურეობა კლანური პრინციპით არ უნდა ხდებოდეს”

სააქციო საზოგადოება "საქართველოს საფონდო ბირჟა" საქართველოში ერთადერთი ლიცენზირებული საფონდო ბირჟაა, თუმცა აქ აღნუსხული გარიგებების მოცულობიდან გამომდინარე ის საქართველოს საფინანსო სისტემაში ერთ–ერთი ყველაზე განუვითარებელი ინსტიტუტია. ყველაზე მაღალი აქტივობა საფონდო ბირჟაზე 2012 წელს აღინიშნა, როცა საბირჟო გარიგებათა მოცულობამ 8,8 მილიონი ლარი შეადგინა, სხვა წლებში აღნიშნული მაჩვენებელი საშუალოდ 4-5 ჯერ დაბალია და ის საქართველოს მშპ–ს 1%–საც არ შეადგენს. არადა აშშ–ში საფონდო ბირჟებზე დადებული გარიგებები მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 100%–ს აჭარბებს, ხოლო ესტონეთში ანალოგიური მაჩვენებელი 90%–ზე მეტია. 2014 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაშვებულია 128 კომპანიის ფასიანი ქაღალდები, 1,27 მილიარდი დოლარი ჯამური საბაზრო კაპიტალიზაციით.

ეროვნულ ბანკში განმარტავენ რომ დღესდღეობით საფონდო ბირჟაზე არსებული დაბალი აქტივობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ აქ მიმოქცევადი აქციების ემიტენტების უმრავლესობა ვერც კი აცნობიერებს იმ უპირატესობებს, რაც სააქციო საზოგადოებებს აქვთ, რადგან ისინი საბჭოთა რეჟიმის დროს შექმნილი და შემდგომ პრივატიზებული საწარმოებია და რეალურად არაფერი აქვთ საერთო დასავლურ, ანალოგიური სამართლებრივი ფორმის მქონე ფირმებთნ.

საფონდო ბირჟის განვითარების სამომავლო პერსპექტივები, კითხვის ნიშნის ქვეშ, განსაკუთრებით რამდენიმე დღის წინ დადგა, როცა საფონდო ბირჟის აქციონერთა კრებაზე, ახალი სამეთვალყურეო საბჭო აირჩიეს. 12-კაციანი საბჭო ფაქტობრივად ბანკების წარმომადგენელთა აბსოლიტური უმრავლესობით დაკომპლექტდა.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის კუთნილი საბროკერო კომპანიის, სააქციო სსაზოგადოება "გალტ ენდ თარგეთი"-ს გენერალურმა დირექტორმამა, ირაკლი კირტავამ ასეთი განცხადება გააკეთა: "ბანკები შეიძლება არიან დომინანტები ბირჟაზე, მაგრამ დომინანტები უპირველეს ყოვლისა არიან თავისი აქტიურობით საფონდო ბირჟაზე."

რამდენად მოუტანს სიკეთეს ბანკების ასეთი დომინანტური პოზიცია საფონდო ბირჟის განვითარებას, ამასთან დაკავშირებით Bpn.ge–თან საუბრისას ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე განმარტავს, რომ შექმნილი სიტუაცია საქართველოს საფინანსო სისტემის სტრუქტურიდან გამომდინარე ბუნებრივია, თუმცა ბირჟაზე დადებითად ნამდვილად არ აისახება.

"განვითარებულ ქვეყნებში, საფონდო ბირჟებზე მეთვალყურეობისას ორგვარი მიდგომა გამოიყენება. ერთია გარე პირების უშუალო მონაწილეობა მის მეთვალყურეობაში, ხოლო მეორე- თავად ამ სფეროს მონაწილე კორპორატიული საფინანსო სტრუქტურების მიერ განხორციელებული ზედამხედველობა. საქართველოში უფრო მეტად მეორე მიდგომა გამოიყენება და საფონდო ბირჟის მეთვალყურეობაში ბანკების დომინანტური როლი იქედან გამომდინარეობს, რომ დღეს ყველაზე მეტად განვითარებულ ინსტიტუტებს ფინანსურ სექტორში სწორედ ბანკები წარმოადგენენ. რამდენად კარგი ან ცუდია ბანკების ასეთი დომინანტური როლი ეს უკვე სხვა საკითხია, თუმცა ცხადია, საფონდო ბირჟის მეთვალყურეობა კლანური პრინციპით არ უნდა ხდებოდეს, განსაკუთრებით გარკვეულწილად კონკურენციაში მყოფი სფეროს მხრიდან, რადგან ეს კარგს არაფერს მოიტანს," - აცხადებს არჩვაძე.

ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას განცხადებით, ბანკების ასეთი გავლენა სიახლეს არ წარმოადგენს და საფონდო ბირჟის შემდგომ განვითარებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.

"ის რომ საფონდო ბირჟა ბანკების მიერ იმართება სულაც არ წარმოადგენს სიახლეს და ბოლო რამდენიმე წელია ტრადიციად არის ჩამოყალიბებული. ახალა კი, ეს უბრალოდ უფრო თვალსაჩინო გახდა. ბანკების ასეთი გავლენა საფონდო ბირჟის საქმიანობაზე, მისი შემდგომი განვითარებისთვის კარგი ნამდვილად არ არის. ლოგიკა ძალიან მარტივია - ეს ორი ინსტიტუტი საფინანსო სისტემის ორი სხვადასხვა რგოლია, დამზოგველებსა და მსესხებლებს შორის, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას უწევენ. ადამიანს რომელსაც დანაზოგი აქვს, შეუძლია ბანკში ანაბარი გახსნას ან წავიდეს საფონდო ბირჟაზე და ფასიანი ქაღალდი შეიძინოს. შესაბამისად, საფონდო ბირჟის გამოცოცხლება და მისი როლის ზრდა ბანკებისთვის მომგებიანი არ იქნება, რადგან ეს გარკვეულწილად მათი დეპოზიტების შემცირების ხარჯზე მოხდება, რაც ბანკების ინტერესში ნამდვილად არ ჯდება. დღეს არსებული სიტუაციის გამოსწორება კი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზეა შესაძლებელი,"- განმარტავს ჯგერენაია

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის კანონმდებლობაში 2008 წლამდე არსებობდა ჩანაწერი, რომელიც ერთი რომელიმე საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან საფონდო ბირჟის მართვაზე კონტროლის დაწესების შესაძლებლობას ზღუდავდა, თუმცა ამ სფეროს ლიბერალიზაციის მიზნით ამ კანონის ცვლილება მოხდა. შესაბამისად, დღეს საფონდო ბირჟაზე ბანკების ასეთი მონოპოლიური მდგომარეობა აბსოლიტურად ლეგალურია და ჯერჯერობით მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებები არ იგეგმება მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით შეჩერებულია თავად ფასიანი ქაღალდების ბაზრის ეროვნული ბანკის რეგულაციიდან გამოყოფის კანონპროექტზე მუშაობაც.

ლაშა კელიხაშვილი