1847 წელს შექმნილი ბრენდი Cartier, ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების ბოლო, 2019 წლის რეიტინგში 64-ე ადგილზეა.
„ფორბსის" ინფორმაციით, 2019 წელს კომპანიის ღირებულება 10.7 მლრდ დოლარს შეადგენდა. გასულ წელს Cartier-ის შემოსავალი 7.4 მლრდ იყო.
ბრენდ "კარტიეს" წარმატებული ისტორია მხატვარმა იუველირმა წამოიწყო, რომელიც ნიჭმა "მეფეთა ოქრომჭედლად" აქცია. ლუი-ფრანსუა კარტიე 1819 წელს დაიბადა. მამამისს საკუთარი სახელოსნო ჰქონდა, სადაც თოფისწამლის ჩასაყრელ რქებს ამზადებდა. დედა ბიჭს მამის საქმის გამგრძელებლად ხედავდა, მაგრამ ლუიმ მცირე ასაკიდანვე გამოამჟღავნა ხელოვნებისადმი მიდრეკილება. მამამ პარიზელ იუველირ ადოლფ პიკარს მიაბარა, ამაზე დედამ ქოში უკუღმა ჰყარა - მას ღრმად სწამდა, რომ თოფისწამალი ოქროზე საიმედო იყო და დენთზე მოთხოვნა არასდროს შემცირდებოდა. ოქრო მხოლოდ მეფეთა საქმე გახლდათ, თან ძალიან ბევრიც არ სჭირდებოდათ! რას წარმოიდგენდა ქალბატონი კარტიე, რომ მის ვაჟიშვილს სამკაულებს სწორედ მეფე-დედოფლები დაუკვეთდნენ.
სამბროშიანი დებიუტი
პიკარმა ლუის ყველაფერი ასწავლა, რაც იცოდა. ბიჭი ნამდვილად შრომისმოყვარე იყო და ხატვის განსაკუთრებული ნიჭიც ჰქონდა. 1847 წელს 26 წლის კარტიემ თავისი ოსტატის, პიკარის სახელოსნო შეისყიდა და შეკვეთებზე მუშაობა დაიწყო. ექვსი წლის შემდეგ პარიზს კარტიეს კიდევ ერთი სახელოსნო შეემატა.
წარმატებამ სრულიად მოულოდნელად მიუკაკუნა. გახსნიდან ორი კვირის თავზე სახელოსნოში ქალბატონი შემოვიდა. მისი გარეგნობა მეტყველებდა, რომ ძარღვებში ცისფერი სისხლი უჩქეფდა. ეს გახლდათ გრაფინია ნიევერკერკი - პრინცესა მატილდას, ნაპოლეონ ბონაპარტის ძმისშვილის მეგობარი. თუმცა ყმაწვილმა კარტიემ ამის შესახებ არაფერი იცოდა.
გრაფინიამ იუველირისგან სამი გულსაბნევი იყიდა. სწორედ ამ სამი ბროშით დაიწყო კარტიეს აღმასვლა.
გრაფინია აღტაცებული იყო ამ საიუველირო სალონის აღმოჩენით და, რასაკვირველია, აღმოჩენის შესახებ მეგობრებს უამბო. მისი მეგობრები კი, როგორც უკვე ვთქვით, თვით პრინცესა მატილდა, აგრეთვე ნაპოლეონ III-ის მეუღლე, იმპერატრიცა ევგენია გახლდნენ. ქალები გააოგნა ახალგაზრდა იუველირის ნაკეთობებმა, სამ წელიწადში მათ 150 სამკაული იყიდეს კარტიესგან. ეს საუკეთესო რეკლამა იყო: კარტიეს სალონებს დიდგვაროვანთა არმია მიაწყდა. იმ დროს სამკაულებზე დიდი მოთხოვნა იყო. ნაპოლეონ III-ს, ომებისა და მღელვარებების შემდეგ, სამეფო კარის დიდებულების აღდგენა სურდა, ამიტომაც ხშირად მართავდა მეჯლისებსა და მიღებებს. რასაკვირველია, ასეთ წვეულებებზე სათანადოდ მორთულ-მოკაზმული უნდა მიბრძანებულიყვნენ. კარტიეს თვით პრინცესა მატილდა მფარველობდა. დედოფალმა კი მას ვერცხლის სერვიზი შეუკვეთა - კარტიე არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სამკაულით. იგი ამზადებდა ფლაკონებს სუნამოსთვის, ხელჩანთებს, ბალთებს.
სილამაზის მოტრფიალე ფრანგებისგან კარტიე შეკვეთებს ვეღარ აუდიოდა, ევროპის სამეფო ოჯახებს მის მაღაზიებში ანგარიშები ჰქონდათ გახსნილი.
"ის ურჩევნია მამულსა"
"კარტიე" იუველირთა დინასტიური ბრენდია. ლუი ფრანსუამ თავისი ცოდნა და საწარმო ვაჟიშვილს, ალფრედს გადასცა. იგი წარმოებას 1874 წელს ჩაუდგა სათავეში, როცა მესამე რესპუბლიკა გამოცხადდა და არისტოკრატია ბურჟუაზიამ შეცვალა. ახალი კლასი საკუთარი კეთილდღეობის შექმნას იწყებდა. ბევრი ფირმა გაკოტრდა. ალფრედი ძალ-ღონეს არ იშურებდა ოჯახური საქმის შესანარჩუნებლად. მისი მთავარი ამოცანა იყო სტილისა და მარკის ტრადიციულობის დაცვა. ძველებური გულმოდგინეობით, ზედმიწევნით ასრულებდა შეკვეთებს, ეძებდა ახალ კლიენტებს, დროულად იხდიდა გადასახადებს. შემკვეთები იუველირის სტაბილურობასა და წარმატებას ხედავდნენ. 1889 წელს ალფრედ კარტიემ ახალი სალონი გახსნა ლა პეს ქუჩაზე, სადაც პარიზის ყველაზე მდიდრული მაღაზიები მდებარეობდა.
ალფრედს სამი ვაჟი ჰყავდა, საგვარეულო საქმის სამი მემკვიდრე - ლუი ჟოზეფი, პიერ კამილი და ჟაკ თეოდული. სწორედ კარტიეთა მესამე თაობამ აქცია საგვარეულო საქმე მსოფლიო ბრენდად.
პიერმა გააფართოვა კონტაქტები რუსეთსა და აშშ-თან. რუსეთში კარტიემ კონკურენცია გაუწია ცნობილ პეტერ კარლ ფაბერჟეს. მართალია, "კარტიემ" იქ მაღაზია ვერ გახსნა, მაგრამ შეკვეთის მიღება თვით ნიკოლოზ II-ისგან შეძლო. კარტიეები რუსეთის სამეფო კარისთვის ძვირფასეულობის ოფიციალური მიმწოდებლები გახდნენ! პიერმა ამერიკაშიც მოახერხა ზეპურ საზოგადოებაში შესვლა. ბრენდს ყურადღება მსხვილმა ფინანსისტებმა და მეწარმეებმა მიაპყრეს, მათ შორის როკფელერებმა, ფორდებმა, ვანდერბილტებმა. პიერმა ცოლად შეირთო ელზა რამზეი, მსხვილი მაგნატის ქალიშვილი, რითაც კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები აშშ-ში.
ჟაკი სპარსეთის ყურის ქვეყნების "დასაპყრობად" გაემართა. ინდოეთში მან მდიდრები დაარწმუნა, რომ მისი ძმის ესკიზის მიხედვით დამზადებული პლატინის ჩარჩო საუკეთესო იყო ძვირფასი ქვებისთვის.მთავარი როლი ბრენდის წარმატებაში მაინც ლუი ჟოზეფმა ითამაშა. სწორედ იგი ამზადებდა განსაცვიფრებელ სამკაულებს, რომლებიც უდიდესი წარმატებით სარგებლობდა. მან გააკეთა ყველაფერი, რამაც "კარტიეს" ბრენდი მსოფლიოში სახელგანთქმული გახადა.
კარტიეს დროით
ლუი ჟოზეფი მამის კომპანიონი 23 წლისა გახდა. მისი წყალობით ნაწარმი დიდებული და დახვეწილი შეიქნა, იდუმალება და აურა მიენიჭა. ლუი კარტიე წინ აღუდგა მოდერნს, რომელიც არ უყვარდა, და სამკაულებს ქმნიდა XVIII საუკუნის ფუფუნების სტილში, რომელიც მნახველებს ატყვევებდა. ლუი ჟოზეფმა ააღორძინა ლუდოვიკო XVI-ის დროინდელი ე.წ. გირლანდის სტილი, სადაც ქვების დამაგრების ადგილები კარგად იმალებოდა. ასეთ ნაწარმზე უზარმაზარი მოთხოვნა იყო. ლუი "დაუსწრებლად" სწავლობდა მინანქრის ხელოვნებას თვით ფაბერჟესგან, მის ნამუშევრებზე დაკვირვებით. ლუი ჟოზეფის ყველაზე ცნობილი ქმნილებაა "ტრინიტი" - თეთრი, ოქროსფერი და წითელი ბეჭდებისგან შემდგარი ერთი ბეჭედი.
თავის დროზე ლუი ფრანსუამ პირველად გამოიყენა სამუშაო მასალად პლატინა. მანვე შექმნა გულსაბნევები ცხოველების გამოსახულებით. მაგრამ ნოვატორობით პაპას არც სახელოვანი შვილიშვილი ლუი ჟოზეფი ჩამორჩენია. მან პირველმა წარმოადგინა მამაკაცის მაჯის საათი (მანამდე მაჯის საათი მხოლოდ ქალის აქსესუარად აღიქმებოდა).იდეა ასე დაიბადა: არისტოკრატმა ალბერტო სანტოს-დიუმონმა, მოყვარულმა ავიატორმა, თხოვნით მიმართა კარტიეს - ხომ ვერ შექმნიდა ისეთ საათს, რომლითაც ფრენისას თავისუფლად ისარგებლებდა? ძალიან მოუხერხებელი იყო ცალი ხელით შტურვალის მართვა, მეორით კი ჯიბეში საათს ძებნა... ლუიმ შექმნა მოდელი "სანტოსი" და სიახლის დანახვისას საზოგადოებას თვალები გადმოუცვივდა. მაჯის საათის შესაძენად მაღაზიებს მუშტარი მიაწყდა. ფრთაშესხმულმა კარტიემ საათების შვეიცარიულ კომპანიებთან თანამშრომლობა დაიწყო."კარტიე" ყველაზე ცნობილი საიუველირო ბრენდი გახდა. ძმები ამარაგებდნენ სამკაულით საფრანგეთის, პორტუგალიის, რუსეთის, იტალიის, რუმინეთის, ეგვიპტის, საბერძნეთის სამეფო ოჯახებს. ინგლისის მეფე ედუარდ VII-მ ლუი ჟოზეფს "მეფეთა იუველირი და იუველირთა მეფე" უწოდა. ეს ტიტული სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, "კარტიეს კოლექციის" გამოფენები დღემდე ამ სლოგანით იმართება.
მრჩევლები "მეფეებისთვის"
სამი თაობის ამაგის მიუხედავად, გონივრული მართვის გარეშე ბრენდს მსოფლიო სიმაღლეების დაპყრობა გაუჭირდებოდა. აქ დიდია ჟაკისა და პიერის როლი. ამ უკანასკნელმა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა, ნიუ-იორკში 1909 წელს, "კარტიეს" მაღაზია ცნობილ მეხუთე ავენიუზე გახსნა მდიდარი ამერიკელებისთვის.სავაჭრო მარკად "კარტიე" მხოლოდ 1910 წელს დარეგისტრირდა. პირველად მაშინ გამოჩნდა კომპანიის ლოგოტიპი, ორი "ჩ"-სგან შემდგარი ვენზელი (მონოგრამა).
პარიზი, ლონდონი, ნიუ-იორკი... ძმებს ესმოდათ, რომ ყოველ ქალაქში განსხვავებული მოთხოვნა ექნებოდათ. ამიტომაც ნაწარმზე თავს იწონებდა არა "კარტიეს" საერთო ლოგოტიპი, არამედ: "კარტიე პარიზი", "კარტიე ლონდონი", "კარტიე ნიუ-იორკი". ნაკეთობები ამ ქვეყნების მხატვრულ გემოვნებასაც პასუხობდა. როგორ შეძლეს ეს კარტიეებმა? იუველირთა მრჩევლები იყვნენ მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები. მათ კარგი კავშირები ჰქონდათ, ეს კი ბრენდის ზეპურ საზოგადოებაში მყარად დამკვიდრებას უწყობდა ხელს.
ლუი ჟოზეფ კარტიეს გარდაცვალების შემდეგ, 1942 წელს, კომპანიას სათავეში პიერი ჩაუდგა. 40-იანების ბოლოს მან მმართველობა თავის ვაჟს, ლუი კლოდს გადააბარა, თავად კი შეჩვეულ და მშობლიურ "კარტიე პარიზს" მიაშურა. პიერმა ძმებზე დიდხანს იცოცხლა, 1965 წლამდე. მის გარდაცვალებას კომპანიაში განხეთქილება მოჰყვა და ბრენდი ნაწილებად დაიყო. სამი "კარტიე" უკვე სხვადასხვა ზღვაში დაცურავდა. თუმცა 1972 წელს "კარტიეს" მონოლითურობა აღდგა და ის სხვა ქვეყნებშიც შევიდა.
დღეს "კარტიე" გაერთიანებულია ჰოლდინგ Compagnie Financiere Richemont SA-ში, რომლის სათავო ოფისი შვეიცარიაშია. ის 1988 წელს დააფუძნა სამხრეთაფრიკელმა ბიზნესმენმა იოჰან რუპერტმა - ცნობილი აფრიკანერი მილიარდერის, ენტონ რუპერტის შვილმა.
გამოყენებულია „ეკოპალიტრის" მასალები