ევროკავშირი ავიარეისების გადადების გამო კომპენსაციის გაცემის წესის გადახედვას გეგმავს. Reuters-ის ინფორმაციით, კომპენსაციის რაოდენობა უცვლელი დარჩება, თუმცა დიდი ალბათობით გაიზრდება ფრენების გადადების დრო, რომლის გასვლის შემდეგაც მგზავრებს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება ექნებათ.
ამის მიზეზად ავიაკომპანიები ფრენების ხშირ გადადებას ასახელებენ, რაც ხშირ შემთხვევაში მათგან დამოუკიდებელი მიზეზით ხდება. შედეგად კი დიდ ფინანსურ ზარალს განიცდიან.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით 2011 წლიდან დღემდე გაუქმებული ავიარეისების რაოდენობა 70%-ით, ხოლო გადადებული რეისების 56%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი კანონმდებლობით მგზავრი კომპენსაციას იღებს იმ შემთხვევაში, თუ ავიარეისმა მინიმუმ 3 საათი დააგვიანა. კომპენსაციის მაქსიმალური რაოდენობა 600 ევროს შეადგენს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ დროის რა პერიოდი ჩაითვლება ავიარეისის დაგვიანებად.