საქართველოს პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი აკვაკულტურის შესახებ.
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პროექტის მომზადება განპირობებულია ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარების მიზნით სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და გარემოს დაცვის აუცილებლობით.
კანონპროექტით დგინდება აკვაკულტურის განხორციელების სპეციალური მოთხოვნები. დოკუმენტის მიხედვით, აკვაკულტურის განხორციელების უფლება პირს 20 წლის ვადით მიენიჭება.
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ აკვაკულტურის მეურნეობა მომგებიანი ხდება 4-7 წლის შემდგომ, შესაბამისად ეს ვადა საჭიროა იმისთვის, რომ პოტენციური ინვესტორებისთვის მიმზიდველი იყოს მისი განხორციელება. ამ ვადის გასვლის შემდგომ, აკვაკულტურის საქმიანობის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში პირი ვალდებული იქნება მოითხოვოს ნებართვის ვადის გაგრძელება ან ხელახლა გაიაროს აკვაკულტურის განხორციელების უფლების მიღების მიზნით განსაზღვრული პროცედურები,“-აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ამასთან, პროექტის ავტორების აზრით, კანონპროექტის ძალაში შესვლა მიზანშეწონილია 2021 წლის 1-ლი იანვრიდან. მანამდე კი კანონის ძალაში შესვლისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებაა გათვალისწინებული.
ამასთან, დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, აღნიშნული საქმიანობისთვის, 2024 წლიდან სანებართვო მოსაკრებლის დადგენა იგეგმება, რომელიც 200 ლარი იქნება.
„დღეისთვის არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა რამდენი იურიდიული პირი ახორციელებს აკვაკულტურის სფეროში საქმიანობას. სხვადასხვა გათვლებით მათი რაოდენობა შეადგენს 1 280 ერთეულს, ხოლო აქედან მეტ-ნაკლები დატვირთვით მუშაობს 730. ვინაიდან მათ ევალებათ 2 წლის განმავლობაში აიღონ ნებართვა, ხოლო მოსაკრებლის ვალდებულება ძალაში 2024 წლიდან შედის, მათი მხრიდან სანებართვო მოსაკრებლის სახით თანხები არ არის მოსალოდნელი,“-აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2019 წელს „საქსტატის“ მიერ განხორციელებული აკვაკულტურის მეურნეობების საპილოტე გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს აკვაკულტურის წლიური საერთო პროდუქცია 2 381 ტონას შეადგენს, რაც არსებულ პოტენციურ შესაძლებლობებთან (დაახლოებით 30000 ტონა) შედარებით, ძალიან მცირეა.