თბილისის მერია ელიავას ბაზრობის განაშენიანების რეგულირების გეგმის შექმნაზე მუშაობას იწყებს

თბილისის მერიის ურბანული სამსახური ელიავას ბაზრობის განაშენიანების რეგულირების გეგმის შექმნაზე მუშაობას იწყებს.

როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, იმ ფორმით დარჩენა, რა ფორმითაც ელიავას ბაზრობა დღეს არსებობს, კატეგორიულად მიუღებელია.

„ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და რა ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული, რომ ეს არსებული პრობლემა მოგვარდეს. მე მგონი, არავის მოგვწონს ელიავას ბაზრობის ფუნქციონირება იმ ფორმით, რა ფორმითაც ხდება ეს. ეს წარმოადგენს სერიოზულ დისკომფორტს, პირველ რიგში, იქ მომუშავე ადამიანებისთვის და ასევე, წარმოადგენს დისკომფორტს ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ყოველდღიურად მიდის სხვადასხვა რამის შესასყიდად. ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა ელიავას ბაზრობის მეპატრონეებთან, საკმაოდ დიდი ჯგუფია და ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, აქ ძალიან ბევრი იყო საუბარი სხვადასხვა მიმართულებებზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ელიავას ბაზრობის შემდგომი განვითარება, იყო საუბარი ასევე, ხომ არ გადაგვეტანა ქალაქის სხვა რომელიმე ადგილზე. ჩვენ მუშაობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი, იმ ფორმით დარჩენა, როგორიც არის დღეს, კატეგორიულად მიუღებელია და მეორე, ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, განაშენიანების რეგულირების ფარგლებში, რომელიც უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს, ამ გეგმის ფარლებში მოხდეს არსებული მდგომარეობის გამოსწორება”, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, იქ არსებული სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს.

„ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქალაქის განვითარების პარალელურად, სავაჭრო ობიექტის არსებობა, რომელიც არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, მისი ასეთი ფორმით შენარჩუნება პრინციპულად მიუღებელია. ეს არის აქტიური ეკონომიკური ზონა, რომელიც ხელსაყრელი, ხელმისაწვდომი და მნიშვნელოვანია როგორც მოვაჭრისთვის, ასევე მომხმარებლისთვის. იცით, რომ 1 წლის წინ დავამტკიცეთ გენგეგმა, სადაც არის აღნიშნული, რომ ამ ზონას აქვს შენარჩუნებული მისი სავაჭრო ზონის სტატუსი და შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ ამ გენგეგმის ფარგლებში მოხდეს არსებული სიტუაციის გაჯანსაღება და გამოსწორდეს იქ არსებული მდგომარეობა, რომელიც არის მძიმე, ეს აწუხებს იქ მცხოვრებ ადამიანებსაც. ის ქუჩები, სადაც საკმაოდ ბევრი ადამიანია დასახლებული, საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც უნდა გააკეთოს ჩვენმა ურბანულმა სამსაუხურმა, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი გზათა ქსელი, კომუნიკაციები, რეკრეაციურლი სივრცეები და სავაჭრო სივრცეების მოწყობის გეგმარება, ანუ ის სურათი, რაც გვაქვს დღეს, ეს არ იქნება და ვერ იქნება. შეუძლებელია ამ ფორმით გაგრძელება. სპეკულირება რომ არ იყოს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ხელს არავის ვუშლით და არავის ვუზღუდავთ საქმიანობას, თუმცა, ჩვენ გუშინაც გქონდა შეხვედრა და მფლობელებთან შევთანხმდით, რომ ამ ფორმით გაგრძელება ძალიან ცუდი იქნება. შესაბამისად, ვიწყებთ მუშაობას ამ განაშენიანების რეგულირების გეგმის შექმნაზე და დამტკიცების შემდეგ მოხდება ტერიტორიის გაჯანსაღება ეტაპობრივად”, - აღნიშნა კალაძემ.