საავტომობილო სპორტის ფედერაციას სამგორის რაიონში 91 ათასი კვ მ.-ის ფართობის მიწის ნაკვეთი მულტიფუნქციური კომპლექსის მოსაწყობად გადაეცემა

სამგორის რაიონში 91 ათასი კვ მ.-ის ფართობის მიწის ნაკვეთი საავტომობილო სპორტის ფედერაციას მულტიფუნქციური კომპლექსის მოსაწყობად გადაეცემა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ტერიტორიაზე საავტომობილო სპორტის მოყვარულთათვის სპეციალური პროექტი გაკეთდება.

მისივე განმარტებით, მულტიფუნქციური ცენტრის მოწყობის იდეა პროექტის „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში მიაწოდეს.

„შემოვიდა კონკრეტული პროექტი, ვიმსჯელეთ და მივიღეთ დადებითი გადაწყვეტილება. საქმე ეხება სამგორის რაიონში დაახლოებით 91,642 კვ.მ.-ის ფართობის მიწის ნაკვეთს. ამ მიწის ფართს გადავცემთ საავტომობილო სპორტის ფედერაციას. ისინი იქ განახორციელებენ მულტიფუნქციურ საწვრთნელ-გასართობი და სპორტული კომპლექსის მოწყობას.

დღეს ჩვენ ღამის საათებში თბილისში გვაქვს პრობლემა, როდესაც ნაკლები ავტომობილი გადაადგილდება, ქალაქში აწყობენ ე.წ. რბოლებს და ეს სერიოზული საფრთხის შემცველია და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. დისკომფორტია განსაკუთრებით ღამის საათებში, როდესაც ადამიანები ისვენებენ. შესაბამისად, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ამ მიწის ფართობს გადავცემთ საავტომობილო სპორტის ფედერაციას, სადაც ისინი განახორციელებენ მულტიფუნქციურ პროექტს და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა არა ქალაქში მოაწყონ რბოლები ცენტრალურ ქუჩებზე, არამედ, იქნება კონკრეტული ადგილი მოწყობილი თავისი ინფრასტრუქტურით, სადაც ექნებათ თავიანთი სივრცე და შესაძლებლობა შეჯიბრებები მოაწყონ.

ფედერაცია ვალდებულებას იღებს, განახორციელოს 1,419,500 (მილიონ ოთხას ცხრამეტი ათას ხუთასი) ლარის ინვესტიცია",- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ინვესტიცია ხუთი წლის ვადაში უნდა დაიხარჯოს, საიდანაც 600 000 ლარი კომპლექსის მოწყობისთვის საჭირო ნებართვის მიღებიდან ერთ წელიწადში დაიხარჯება.

მათივე ცნობით, სპორტული კომპლექსი ვარჯიშისა და მეცადინეობის შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ მსურველს. კომპლექსის ბაზაზე მოხდება ავტომობილების მართვის პედაგოგ-ინსტრუქტორთა მომზადება-გადამზადება და მოეწყობა სარბოლო მონაკვეთები.

მერიის ინფორმაციით, კომპლექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის საგზაო მოძრაობის საწყისი ცოდნის და უნარ-ჩვევების შეძენა. გარდა ამისა, კომპლექსში გათვალისწინებული იქნება სპეციალური საწვრთნელი პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.