დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლისა და კადეტთა კორპუსის სრული რეაბილიტაცია მოხდება. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ორივე პროექტის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება და ამაზე 25 მილიონი ლარი დაიხარჯება.
„მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შემთხვევაში მოწესრიგდება საინჟინრო ქსელები, გამაგრდება საყრდენი. ოთახების სარესტავრაციო სამუშაოებთან ერთად გათვალისწინებულია მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები. მთლიანად მოხდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია.
როდესაც ვიყავი წინასაარჩევნოდ და დავათვალიერე კადეტთა კორპუსი, რომელშიც ადამიანები ცხოვრობდნენ, ვერ წარმოიდგენთ თუ რა მძიმე მდგომარეობაა, იქ ცხოვრება შეუძლებელი და საფრთხის მატარებელია. დავპირდით მოსახლეობას, რომ ჩატარდებოდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ორი წელი დასჭირდება ორივე პროექტის შემთხვევაში სამუშაოებს“, - აღნიშნა კალაძემ.