რა გავაკეთოთ, კედლები ამოვაშენოთ თუ როგორ მოვიქცეთ, რომ ტროტუარებზე ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგილება და ავტომობილები არ შევიდნენ?, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ვანდალიზმის ფაქტებზე საუბრისას განაცხადა.
კალაძის თქმით, ძალიან ბევრია შემთხვევა, როდესაც მიზანმიმართული დაზიანება ხდება და ჭავჭავაძის გამზირზე ერთ ღამეში 32 დგარი დააზიანეს.
„როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ვსაუბრობთ, სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი გვაქვს ვანდალიზმის ფაქტები. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ ვანდალიზმს. იმედი მაქვს, აქ გვექნება ერთსულოვნება, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა. ეს ქალაქი ყველასია და განხორციელებული პროექტებით უნდა ისარგებლოს ყველამ. არ აქვს მნიშვნელობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, „ნაციონალების“ თუ სხვა პარტიის.
ბოლო მაგალითები რომ მოვიყვანოთ - ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ძალიან მაგარი პროექტი გამოდის. ამჟამად, სხვა სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარის მოწყობა. ვიცით, რამხელა პრობლემა იყო, როდესაც ტროტუარები საპარკინგე ზონად იყო გამოყენებული და ადამიანს შეიძლება ვერც გაევლო. შესაბამისად, გადავწყვიტეთ ამ ტროტუარების ჩაკეტვა სპეციალური დგარებით, ე.წ. ბოძკინტებით და ერთ ღამეში დაახლოებით 32 დგარი იყო განადგურებული. ზოგ შემთხვევაში მანქანით აზიანებდნენ და ზოგ შემთხვევაში მოჭრილი იყო. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია.
ამის პარალელურად, კონკრეტული პარტიის წევრების მხრიდან სოციალურ ქსელში გაჟღერდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს ეს დგარები უხარისხო იყო. ეს დგარები ახალია და დამზადებულია თანამედროვე პოლიმერული მასალისგან. მგონია, რომ მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, რაც ქალაქში კეთდება, ყველასია. პოლიტიკა გვერდით გადავდოთ და ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით“, - აღნიშნა კალაძემ.