კომპანია, რომელსაც თბილისის მერია გზას თავიდან აკეთებინებს, შესყიდვების სააგენტოს „თეთრ სიაშია“

გლდანის რაიონში, ახლად რეაბილიტირებული ორი ქუჩის საფარს, რაზეც 1 174 364 ლარი დაიხარჯა, დემონტაჟი ჩაუტარდა და კომპანია თავიდან აკეთებს. (აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 581 739 ლარია გათვალისწინებული). საქმე ეხება თეიმურაზ ბოჭორიშვილისა (ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე შესრულებულ სამუშაოებს, რომელიც მერიის ინფორმაციით გათვალისწინებულ სტანდარტს არ აკმაყოფილებს. მათივე ინფორმაციით, კომპანია ვალდებულია, საკუთარი ხარჯით განახორციელოს ასფალტის საფარის ზედა ფენის მოხსნა და მისი თავიდან მოწყობა.

თეიმურაზ ბოჭორიშვილისა (ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე სამუშაოებს შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპი" აწარმოებს. აღნიშნული კომპანია 2014 წელს დაფუძნდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი არის გიორგი ბუტიკაშვილი.

„ტენდერების მონიტორინგის“ სტატისტიკით, ამ წლების განმავლობაში „მილენიუმ ბილდერს გრუპმა" 40 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 12 ტენდერი მოიგო, 24 კი წააგო. დანარჩენი ან არ შედგა, ან მიმდინარეა. ამავე სტატისტიკით, მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 9 430 324 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მერიის მიერ დაწუნებული სამუშაოების შემსრულებელი კომპანია სახელმწიფო შესყიდვების „თეთრ სიაშია“. „მილენიუმ ბილდერს გრუპი" ამ სიაში 2019 წლის 19 თებერვალს დარეგისტრირდა.

ელზა წიკლაური