ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, კორპუსიდან, საიდანაც ორი მუშა გადმოვარდა, სამუშაოები შეჩერდა.
როგორც ჟურნალისტებს დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა, შრომის ინსპექციამ მომხდარზე მოკვლევა დაიწყო. ადგილზე დაფიქსირდა შრომის უსაფრთხოების კრიტიკული დარღვევები.
"მინდა მწუხარება გამოვთქვა ამ ფაქტის გამო. შრომის ინსპექციამ დაიწყო მოკვლევის პროცედურები. ჩვენი თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან. ამ წუთის მდგომარეობით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევაჩეროთ სამუშაო პროცესი შრომის უსაფრთხოების კრიტიკული დარღვევების გამო. კერძოდ, სიმაღლეზე სამუშაოების დროს მასალის ატანა ხორციელდებოდა კუსტარულად დამზადებული მექანიზმის გამოყენებით, რომელიც შეუსაბამოა კანონმდებლობასთან. მოკვლევის პროცედურები მიმდინარეობს", - განაცხადა ფერაძემ.
მისივე თქმით, ყველა კომპანიას აქვს ვალდებულება თავად უზრუნველყოს უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა.
"მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს უამრავი სამშენებლო კომპანია და როგორც იცით, შრომის უსაფრთხოების კანონი ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორზე. შესაბამისად, ვალდებულება აქვს ყველა კომპანიას და მათ თავად უნდა უზრუნველყონ უსაფრთხოების სდანდარტის დაცვა. სახელმწიფო ამ შემთხვევაში უზრუნველყოფს შერჩევითი კონტროლით გარკვეულ ზედამხედველობას. ბუნებრივია, კომპანიას ვალდებულება ჰქონდა, რომ დაეცვათ შრომის უსაფრთხოება, დაენიშნათ უსაფრხოების სპეციალისტი. ამას არკვევს გამოძიება. უახლოეს პერიოდში გვექნება მეტი კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა", - განაცხადა ფერაძემ.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „გოცირიძეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საფასადე სამუშაოების შესრულებისას კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.