საქართველოს პირველადი ჯანდაცვა გადადის სრულიად ინოვაციურ ეტაპზე, რაც ამ სექტორში ტელემედიცინის დიაგნოსტიკური ცენტრების მოწყობით დაიწყება, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მოწყობილობა თანამედროვე მედიცინის მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს და უმოკლეს დროში იძლევა პაციენტის შემოწმების, ჯანმრთელობის მონაცემების მიღებისა და დამუშავების შესაძლებლობას.
მინისტრმა გამოსვლისას სამინისტროს ერთ-ერთ მიზნად ელექტრონულ ჯანდაცვის სრული მასშტაბით ამოქმედება დაასახელა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის დიჯიტალიზაციაში მნიშვნელოვანი აქტივობებია დაგეგმილი, მათ შორისაა პაციენტის ელექტრონული ბარათის შექმნა, რომელზეც განთავსდება ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა მონაცემი და სამედიცინო დოკუმენტაცია, ელექტრონული რეცეპტი, ცნობები ჯანმრთელობისა და დაზღვევის შესახებ და სხვა.