საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის განკუთვნილი ფულადი შემწეობა, წლების განმავლობაში ეტაპობრივი მატების შედეგად 125 ლარიდან 220 ლარამდე გაიზარდა. ეს ტენდენცია გაგრძელდება და 2020 წლის 1-ელი ივლისიდან სახელმწიფო პენსია 70 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის 30 ლარით გაიზრდება, - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტროს სოციალური პოლიტიკა მიმართულია იმ ადამიანების მხარდაჭერისკენ, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ სახელმწიფოს ზრუნვა. სწორედ ამ ღირებულებიდან გამომდინარე 2012 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა მოწყვლადი ჯგუფებისთვის განკუთვნილი ბენეფიტები.
„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო პენსია, არ არის მხოლოდ ფულადი შემწეობა. დღეს ყოველ პენსიონერზე გარდა დადგენილი მონეტარული დახმარებისა, სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს საყოველთაო ჯანდაცვის უმაღლესი პაკეტი, რომელიც გეგმურ შემთხვევებზე ითვალისწინებს 15 000 ლარიან წლიურ ლიმიტს, ხოლო გადაუდებელ შემთხვევებზე ულიმიტო ოდენობის დაფინანსებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.