„2019-2020 წლებში დევნილთა განსახლებისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 70 მილიონი ლარი და განსაზღვრულია 5 000-ზე მეტი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება"

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გრძელვადიანი განსახლების მიზნით, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში უკვე დაკმაყოფილებულია 41 000-ზე მეტი ოჯახი.

როგორც ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა, 2019-2020 წლებში დევნილთა განსახლებისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 70 მილიონი ლარი და განსაზღვრულია 5 000-ზე მეტი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება. ამას გარდა, 240 დევნილი ოჯახისთვის, „სოფლად სახლი“-ს პროექტის ფარგლებში ინდივიდუალური სახლები აშენდება, ასევე მოხდება მათი დახმარება საარსებო წყაროებით. პროექტი გერმანიის მთავრობის დახმარებით იგეგმება და ბიუჯეტი 10 მილიონი ევროა.

„ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გააგრძელებს ყველა პროგრამას დევნილთა საჭიროებებზე დროულად რეაგირებისთვის, თუმცა აქვე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ბინების განაწილების პროცესში, სახელმწიფო მოქმედებს კანონის ფარგლებში და დეტალურად მიჰყვება იმ კრიტერიუმებს, რომლებიც ორიენტირებულია დევნილთა რეალურ საჭიროებებზე.

აღნიშნული კრიტერიუმები 2013 წელს შემუშავდა სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2013 წლამდე საერთოდ არ არსებობდა საცხოვრებლების განაწილების კრიტერიუმები. მათი შექმნის დღიდან კი 15-ზე მეტი ცვლილება განხორციელდა, რათა კრიტერიუმები დევნილთა საჭიროებებზე მეტად ორიენტირებული გამხდარიყო, სამომავლოდაც ვგეგმავთ შეფასების ფორმატის განახლებას. ჩვენ აუცილებლად დავამკვიდრებთ სამართლიანობას და ხელს შევუწყობთ სახელმწიფო რესურსების რაციონალურად მართვას მეტი საჭიროებების მქონე ოჯახებისთვის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პრიორიტეტი არამხოლოდ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, არამედ საზოგადოებაში მათი სოციალური ინტეგრაციის პროცესის, ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა და რაც მთავარია საკუთარ სახლებში დაბრუნებაა.

ამასთან, ტიკარაძემ დასაქმებისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა სამინისტრო აგრძელებს სისტემური და სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმას, რომელთა საბოლოო მიზანია ქვეყანაში დასაქმებისა და შრომის ბაზრის ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა.

შეიქმნა დამოუკიდებელი, მხოლოდ დასაქმების ხელშეწყობაზე ორიენტირებული უწყება - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, რომელიც მოქალაქეებს შესთავაზებს სრულ სერვისს სამუშაო ადგილების მოძიების, პოტენციურ დამსაქმებლებთან კომუნიკაციის, პროფესიული უნარების შეფასების, განვითარებისა და სტაბილური დასაქმებისთვის.

სახელმწიფო ამავდროულად მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების საკითხზე. ამ შესაძლებლობის განვითარების მიზნით, ადამიანისა და შრომის უფლებების დაცვის უზრუნველყოფით, ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში მიმდინარეობს ინტენსიური დიალოგი ევროკავშირის წევრ და სხვა განვითარებულ ქვეყნებთან.

„კარგად მართული ცირკულარული შრომითი მიგრაცია ხელს შეუწყობს მიგრაციული ნაკადების რეგულირებას, არალეგალური დასაქმების შემცირებას და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას. თუმცა, ჩვენს უპირველეს მიზნად რჩება ადგილობრივი შრომის ბაზრის განვითარება, ამიტომ მთავარი ამოცანაა საზღვარგარეთ დასაქმებულთა ცოდნა და უნარები კვლავ ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდეს გამოცდილი კადრების სახით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა შრომის უსაფრთხოებაზეც გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნის სავალდებულო წესის ამოქმედება შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესების მიზნით მკვეთრად წინ გადადგმული ნაბიჯია.

„ინციატივის ფარგლებში შრომის უსაფრთხოების შესახებ სასწავლო კურსი უკვე გაიარა 5000-მდე პირმა. ჩვენ ამით ხელი შევუწყვეთ არამხოლოდ სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნას, არამედ გავაძლიერეთ დამსაქმებელთა სოციალური პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, შრომის ინსპექტორთა ფუნქცია არ არის მხოლოდ დამდგარი შემთხვევების შესწავლა, არამედ მათი უმთავრესი ამოცანაა უბედური შემთხვევების პრევენცია. აქედან გამომდინარე შრომის ინსპექტირების სტრატეგია მიმართულია არა მხოლოდ სანქციების დაწესებაზე, არამედ დამსაქმებლებთან პარტნიორულ ურთიერთობაზე.