ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერას“ ყოფილი 85 თანამშრომელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით ხვალ, „ფრონტერას" სათაო ოფისთან საპროტესტო აქციას გამართავს. ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ხვალ, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შევიკრიბებით თანამშრომლებთან ერთად, რომლებსაც უკვე გადაადგილების საშუალებაც აღარ აქვთ. ფაქტობრივად, ამ ადამიანებს სიცოცხლის უფლება აქვთ წართმეული. რომ არა პროფკავშირები, ძალიან მაინტერესებს რით უნდა იარსებონ. პასუხი გაგვცეს კომპანიამ ან ნებისმიერმა პასუხისმგებელმა პირმა. ამ ხალხს არაფრის საშუალება აღარ აქვთ. ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ ეს ხალხი „ფრონტერას" ოფისთან მივიყვანოთ, რათა მათ პროტესტი გამოხატონ. ეს არ იქნება ერთჯერადი პროტესტი, აუცილებლად მივიყვანთ ამ ყველაფერს გამარჯვებამდე", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
ამასთან, ირაკლი პეტრიაშვილი ვარაუდობს, რომ „ფრონტერას" კიდევ 15 თანამშრომელი შესაძლოა, სამსახურიდან იმის გამო გაათავისუფლონ, რომ კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ.
„რა უნდა ქნას ამ 84-მა ადამიანმა, რომლებმაც დეკემბრის თვეში 11 თვის აუნაზღაურებელი ხელფასი მოითხოვეს, რის გამოც სამსახურიდან გაათავისუფლეს. გარანტიას გაძლევთ, რომ ხვალ კიდევ 15 ადამიანს გაათავისუფლებენ, ამის 90%-იანი ვარაუდი არსებობს, რადგან ამ ადამიანებმა, დამატებით კიდევ მოითხოვეს დარჩენილი ხელფასის ანაზღაურება. 84 ადამიანს პლუს 15 ადამიანი დაემატება. სულ ამ კომპანიაში თავის მენეჯმენტიანად 130 მოქალაქემდე მუშაობს. დაახლოებით 100 თანამშრომელი გათავისუფლებულია სამსახურიდან ერთადერთი მიზეზის გამო, რომ მათ თავიანთი კუთვნილი ხელფასის ანაზღაურება მოითხოვეს. ამ კუთხით პრობლემებია, რასაც სახელმწიფო განსაზღვრავს, რა გზავნილებსაც იძლევა, ეს იქნება კანონმდებლობა, რიტორიკა, სხვადასხვა საკანონმდებლო აქტები და ასე შემდეგ, იმას იღებენ დამსაქმებლები და გონიათ, რომ ისე უნდა იბაირამონ ამ ქვეყანაში, შეიძლება ამუშავო ადამიანი, არ გადაუხადო თავისი კუთვნილი შრომის ანაზღაურება, პლუს დასაჯო და გაათავისუფლო სამსახურიდან. ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ კომპანიაზე, ხარბ დამსაქმებლებზე ზეწოლა მოვახდინოთ, რათა ჯიბიდან ამოიღონ ამ ადამიანების შრომითი ანაზღაურება, რაც მათ არ ეკუთვნით“,- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციით, კომპანია „ფრონტერას“ 84 თანამშრომლის მიმართ 11-თვიანი დავალიანება, ჯამში მილიონამდე ლარი აქვს. ყოფილმა თანამშრომლებმა კომპანიის წინააღმდეგ კუთვნილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელით სასამართლოს უკვე მიმართეს.