„საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც კარებს შეამოწმებს ცეცლგამძლეობაზე“,- ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „ბაუსტარის“ დამფუძნებელმა მალხაზ სოლომნიშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით ის სამშენებლო სექტორში არსებულ რეგულაციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როდესაც მშენებელი ობიექტს აბარებს, ქვეყანაში არ არსებობს უწყება, რომელიც შენობას კონკრეტული უსაფრთხოების ნორმებზე შეამოწმებს.
„სახანძრო უსაფრთხოების მიზანია, რომ როდესაც ხანძარი გაჩნდება, დროულად მოხდეს ევაკუაცია და ამან იმუშაოს. ეს ჩვენ უნდა გავყოთ ორ ეტაპად. მე ვარ მშენებელი, ავაშენე და ჩავაბარე ობიექტი. ვის ჩავაბარე?! თუ ამან შემდეგ არ იმუშავა და პატრონი არ ჰყავს, მაშინ რაში ვკარგავთ დროს და ინვესტიციას?! დაახლოებით, ვკარგავთ მშენებლობის ღირებულების 20%-ს, ეს მიდის იმაში, რაც ვერ მუშაობს, გვიღირს?! იქ არის სპეციალური ე.წ „ნასოსები“, რომელმაც უნდა იმუშაოს, ვინ აგებს პასუხს სახანძრო „ნასოსები“ იმუშავებს თუ არა?! სახანძრო ლიფტი იმუშავებს თუ არა?! ამაზე პასუხი ვინ უნდა აგოს?! მშენებელმა კი ჩავაბარე, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა ჩაიბაროს?! გადახდილია მილიონი და ეს რომ არ მუშაობს, ეს არის ჩვენი უბედურება.
მე ერთ სახლში ვიყავი, 25-სართულიანში, სადაც ტყუილად არის გაკეთებული მილები. უნდა მოხდეს ამ საქმის პერიოდულად შემოწმება, რა მუშაობს და რა არა.
მაგალითად, არის სახანძრო კარები, რომელიც 25- 50 წუთი უნდა უძლებდეს ხანძარს. ეს კარები მზადდებოდა საქართველოში დასაქმებული იყვნენ ქართველები. ახლა ჩვენ გვჭირდება სერთიფიკატი, რომ ჩავსვათ ის ხანძარგამძლე კარები. ჩვენთვის მთავარია ის, რომ ხანძარს გაუძლოს, თუ კარებს ჰქონდეს სერთიფიკატი?! მე მიმაჩნია, რომ მთავარია კარებმა გაუძლოს ხანძარს. საქართველოში არ არის ლაბორატორია, რომელიც ამ ქართულ ქარხნებს შეუმოწმებდა პროდუქციას, ხანძარს უძლებს თუ არა 25-20 წუთი. წარმოიდგინეთ, დაახლოებით, 50 მლნ, რომელიც იხარჯებოდა საქართველოში რკინის კარების დამზადებაში, უნდა წავიდეს რუსეთში, თურქეთში, ან უკრაინაში და იქ მოხდეს დამზადება. არადა, ამ პრობლემის გადაწყვეტა არის ელემენტარული, სამხარაულის ბიუროს უნდა დაევალოს, გაკეთდეს პატარა ოთახი, სადაც ჩატარდება შესაბამისი ექპერიმენტი და გაიცემა ცნობა, რომ ამ ქარხანას ცეცხლგამძლე კარების დამზადებაზე ეძლევა ლიცენზია“, - განაცხადა მალხაზ ზოლომნიშვილმა.