სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადამოწმების პერიოდში შესაძლოა, დახმარება აღარ შეუწყდეთ. ამის შესახებ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მისულმა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყება კონსულტაციებისთვის მზად არის.
„2013 წლიდან 2015 წლამდე არსებული დადგენილების ფარგლებში მაშინ, როდესაც სოციალურად დაუცველ ოჯახს ერიცხებოდა შემწეობა, სახელმწიფოს უდგებოდა ვალდებულება სტატუსის შეჩერების ან შეცვლის შემდეგ დავაში შესულიყო ამ ოჯახებთან, რაც ჩვენ პრინციპულად არ მიგვაჩნდა სწორად. ვინაიდან, აქ მე დავეთანხმები დიმიტრი ხუნდაძეს, რომ ეს ოჯახები შეიძლება არ იყვნენ კრიტიკული ზღვარის დაბლა, მაგრამ მაინც იყვნენ სიღარიბის ზღვართან ახლოს. აქედან გამომდინარე, ისევ და ისევ ოჯახების მდგომარეობიდან და უხერხული მომენტებიდან გამომდინარე მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ. ამ პერიოდში მოხდა ასევე იმის გათვალისწინება თუ რა თანხას წარმოადგენდა დავის საგანი ჯამური ოდენობით. ეს გახლავთ დაახლოებით 5 მლნ ლარი. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებითაც მზად ვართ გავიაროთ კონსულტაციები პარლამენტის წევრებთან. ასევე ჩართულები არიან ჩვენი პარტნიორი სამინისტროები და მზად ვართ ეს თქვენი ინიციატივა მივიღოთ მხედველობაში.
თუ დადგინდება, რომ სამინისტროს აღარ ექნება ვალდებულება შევიდეს დავაში ამ ოჯახებთან და ეს ჩაითვალოს კიდევ ერთ დამატებით ბენეფიტად და სახელმწიფოს საჩუქრად ამ ოჯახებისთვის, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს ცვლილება და განვახორციელოთ თქვენთან ერთად“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადამოწმების პერიოდში დახმარება არ შეუწყდეს. როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, ინიციატივა ჯანდაცვის კომიტეტს ეკუთვნის და მკაცრად ჩამოყალიბებული პოზიციაა.