ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში დაჩქარდა ეკონომიკის დაკრედიტება და შედეგად ეკონომიკური ზრდაც. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ტენდენცია დამატებით ინფლაციურ წნეხს შექმნის, ეს შეიძლება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნების წინაპირობაც გახდეს. ამის შესახებ გვენეტაძე თებერვლის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის" ვიდეო განმარტებაში აცხადებს.
გვენეტაძის თქმით, წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ექსპორტის, განსაკუთრებით ტურიზმის ზრდას, რასაც კონკურენტული გაცვლითი კურსის შენარჩუნებამაც შეუწყო ხელი.
„ეკონომიკის ზრდაზე ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დაკრედიტების მაღალი ზრდაც. რუსეთიდან ავიამიმოსვლის აკრძალვამ ტურისტულ სექტორზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, თუმცა ეს დანაკლისი სხვა ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორთა მატებით დაბალანსდა. კვლავ პოზიტიურია საგარეო ვაჭრობისა და ფულადი გზავნილების დინამიკა. ეს ყველაფერი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაზე აისახება. 2019 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდის მსგავსად, მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი დაფიქსირდა. ჩვენი პროგნოზით, 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ზე ნაკლები იქნება, რაც ისტორიული მინიმუმია. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლების ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდეს, არ იყოს დროებითი ხასიათის და მდგრად დონეზე დასტაბილურდეს. მაკროეკონომიკური გარემოს ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი მიმდინარე ანგარიშია და მისი გაუმჯობესება როგორც საგარეო, ასევე შიდა ინვესტორების განწყობაზე დადებითად გავლენას ახდენს”,-აცხადებს გვენეტაძე.
მისივე განცხადებით, გასული წლის მარტიდან ინფლაციამ მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა და წლის ბოლოს 7% შეადგინა. გვენეტაძის განმარტებით, წლის დასაწყისში ინფლაციის ზრდა ძირითადად აქციზის გადასახადის მატების გამო, სიგარეტის გაძვირებამ განაპირობა. წლის მეორე ნახევარში კი ამას დაემატა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებით გამოწვეული ზეწოლაც.
„ ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ჯერ კიდევ გაუფასურებულ დონეზე რჩება. ბოლო პერიოდში დაჩქარდა ეკონომიკის დაკრედიტება და შედეგად ეკონომიკური ზრდაც. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ტენდენცია დამატებით ინფლაციურ წნეხს შექმნის, ეს შეიძლება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნების წინაპირობაც გახდეს.
რაც შეეხება ინფლაციას, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მასზე ეტაპობრივად აისახება და მის შემცირებას განაპირობებს. პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წლის განმავლობაში შემცირებას განაგრძობს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება. საშუალოვადიან პერიოდში კი ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება.
როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არის 3 პროცენტი, ჩვენ არ ვგულისხმობთ ინფლაციას ნულიდან სამ პროცენტამდე, არამედ ვგულისხმობთ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციას 3 პროცენტთან ახლოს - ზოგჯერ მის ზემოთ და ზოგჯერ მის ქვემოთ. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმში ფასების სტაბილურობა ყველაზე ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯებით მიიღწევა, ხოლო გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა, სხვა ალტერნატიულ რეჟიმებთან შედარებით, ყველაზე მაღალი და მდგრადია. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს“,-აღნიშნავს სებ-ის პრეზიდენტი.