ეკატერინე ტიკარაძე - მედიკამენტებთან დაკავშირებით პროგრამაში გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა

ამ ეტაპისთვის კარგი იქნება, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის გამოვცეთ კონკრეტული ვაუჩერები, რომლის მიღების შემდეგაც მათ საშუალება ექნებათ მიიღონ ის მედიკამენტები, რომლებიც რეკომენდირებული იქნება მათთვის ექიმების მხრიდან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მედიკამენტებთან დაკავშირებულ პროგრამაში გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა.

„მედიკამენტებთან დაკავშირებით პროგრამაში გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, რომელთა იდენტიფიცირება ჩვენვე მოვახდინეთ. ჩვენი მოქალაქეებისგან ძალიან ბევრი ზარი და უკმაყოფილება იყო იმიტომ, რომ პაციენტი ვერ იქნება კმაყოფილი, როდესაც მას რაღაცა ესაჭიროება. ამ ეტაპისთვის გავაკეთეთ მოდელირება და სამკურნალო მედიკამენტები პროგრამულად ინტეგრირებულია საყოველთაო ჯანდაცვაში. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია პირველადი ჯანდაცვა და მჭიდროდ ვმუშაობთ როგორც სოფლის ექიმებთან, ისე ოჯახის ექიმებთან, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროგრამა წარმატებით განხორციელდება. მზად ვართ, მოდელირების ახალი განვითარებისთვის, თუ ამის საჭიროება დადგა. ვთვლით, რომ ამ ეტაპისთვის კარგი იქნება, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის გამოვცეთ კონკრეტული ვაუჩერები, რომლის მიღების შემდეგაც მათ საშუალება ექნებათ მიიღონ ის მედიკამენტები, რომლებიც რეკომენდირებული იქნება მათთვის ექიმების მხრიდან. ის დეფიციტი, რომელიც სახელმწიფოს შესყიდვის პერიოდში წარმოექმნა და ის მედიკამენტები, რომლებიც აფთიაქებში ლიმიტირებულად იქნა წარმოდგენილი, ამის პრევენცია მოხდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.