საქართველოს დედაქალაქმა „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის საერთაშორისო კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა. კოლმარისა და ათენის შემდეგ, ევროპის საუკეთესო მიმართულება 2020 წელს თბილისია.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, 2020 წელს თბილისი იქცა ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ქალაქად, რომელიც იზიდავს ტურისტებს თავისი უძველესი კულტურით და მომავალზე ორიენტირებული სიახლეებით.
“საქართველოს დედაქალაქი ისეთი ტრენდული, როგორც 2020 წელს არის, არასოდეს ყოფილა. თბილისი არის იდეალური სამოგზაურო მიმართულება კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულებისათვის. „WOW” ეფექტი ქალაქში მოგზაურობისას გარანტირებულია.შეუდარებელი ოსმანური სტილის ნაგებობები ერწყმის შუა საუკუნეების შენობებს; ასევე შეხვდებით ნეოკლასიკურ, საბჭოთა და თანამედროვე შენობებს. თბილისი ამაყობს წარსულით და ორიენტირებულია მომავალზე, ახალგაზრდებზე და მომავლის გამოწვევებზე. თბილისში სტუმრობისას, აუცილებლად უნდა მოინახულოთ „ქართლის დედა“, რომელიც თბილისის ყველაზე შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. აქედან იშლება საუკეთესო პანორამული ხედი საქართველოს დედაქალაქზე და შესაძლებელია ისეთი ღირსშესანიშნაობების აღმოჩენა, როგორიც არის მშვიდობის ხიდი, მეტეხის ტაძარი, გოგირდის აბანოები, მთაწმინდის პარკი და კიდევ ასობით უნიკალური შესაძლებლობა, რომელსაც თბილისი გვთავაზობს. საქართველოს დედაქალაქი განსაკუთრებით საოცარია გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც ბუნება იღვიძებს და ასევე ზამთარში ქალაქის ათასობით ფერადი საშობაო განათების და დეკორაციის ფონზე,”-აღნიშნულია საერთაშორისო კონკურსის საიტზე.
საერთაშორისო კონკურსისთვის - „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“ ხმის მიცემა 15 იანვრიდან დაიწყო და 5 თებერვალს დასრულდა.