გაყიდული მანქანები, ბინები და მიწის ნაკვეთი უკრაინაში - რა ქონებას ფლობს თბილისის მერის ოჯახი

2019 წელს დედაქალაქის მერმა ოჯახის საკუთრებაში არსებული 5 ავტომანქანა გაყიდა, ასევე გაყიდა სასტუმრო ქობულეთში და მიწის ნაკვეთი უკრაინაში.

ამის შესახებ კახა კალაძის მიერ 2020 წლის 31 იანვარს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული.

უფრო კონკრეტულად, 2019 წელს კახა კალაძემ გაყიდა მიწის ნაკვეთი უკრაინაში, რაშიც 500 ათასი დოლარი მიიღო შემოსავლის სახით, დაბა ბაკურიანში კი, ორი ნაკვეთი – ასევე 500 ათას დოლარად. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, კახა კალაძემ და მისმა მეუღლემ 2019 წელს 5 ავტომობილი გაყიდეს: FIAT 500 ABARTH (20 000 აშშ დოლარად), TOYOTA LAND CRUISER 200 [58 000 აშშ დოლარად], MINI CLUBMAN JOHN COOPER WORK (30 000 აშშ დოლარად), TOYOTA LAND CRUISER 200 (121 445,43 ლარად) და RANGE ROVER SPORT SVR (100 000 ევროდ).

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2019 წელს კალაძის მეუღლემ ანა არეშიძემ 351 456,8 ლარად შეიძინა RANGE ROVER SPORT SVR, რომელიც 2018 წელშია გამოშვებული. კახა კალაძეს ახალი ავტომანქანა აღარ უყიდია.

2019 წელს 240 000 დოლარის შემოსავალი მიიღო კალაძემ უკრაინაში 2 ბინის გაქირავებიდან.

გასულ წელს კახა კალაძემ გაასხვისა შპს „კოლხეთის“ 100%-იანი წილი. დეკლარაციის მიხედვით, ნასყიდობის ფასი 10 მილიონი აშშ დოლარია, თუმცა თანხა კალაძეს 2019 წელს არ მიუღია. ნასყიდობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2024 წლის 3 დეკემბრამდეა. ხელშეკრულებით, მყიდველმა კახა კალაძეს 10 მილიონი დოლარი (ექვივალენტი ლარში) 5 წლის განმავლობაში უნდა გადაუხადოს.

დეკლარაციის მიხედვით, 2019 წელს კალაძემ მერის თანამდებობაზე ხელფასის სახით 29 917,44 ლარი მიიღო.

რაც შეეხება გასავალს, შარშან კალაძემ ქველმოქმედებაში 270 000 ლარი დახარჯა, პარტიას კი 50 000 ლარი შესწირა. დეკლარაციის მიხედვით, „საოჯახო და პირადი ხარჯისთვის“ კახა კალაძეს 368 028 ლარი, 36 336 დოლარი და 431 180 ევრო აქვს დახარჯული.

დეკლარაციის შევსების მომენტში კახა კალაძეს იტალიურ ბანკ „ინტეზა სან პაოლოს“ ანგარიშზე 4,4 მლნ დოლარი ჰქონდა, შვეიცარიულ Jiulius baer-ის ანგარიშზე კი 3,7 მლნ ევრო. საქართველოში მოქმედ ბანკებში კი განთავსებული ჰქონდა 25 045 ლარი, 49 433,93 დოლარი და 153 835 ევრო.

ნაღდი ფულის სახით კალაძე ფლობდა 11 000 ევროს და 9 000 დოლარს, მისი მეუღლე კი 8 000 ლარს.

კახა კალაძის დეკლარაცია სრულად: https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/123014