საქართველოში სატელევიზიო მაუწყებლობა შესაძლოა, შეწყდეს. ამის შესახებ შპს „სტერეო პლუსის“ დამფუძნებელმა, დავით ზილფიმიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საფრთხე არსებობს, რადგან კომპანია არსებულ ვალდებულებებს ვეღარ ასრულებს.
„ეს არის პირდაპირი საფრთხე, რადგან მე ინკასოს დადების შემდეგ ვეღარ ვიხდი უზარმაზარ დენის გადასახადს და ვეღარც საიჯარო ვალდებულებებს. შესაბამისად, ვიღაცებს ოფიციალური უფლება წარმოექმნებათ, რომ გამთიშონ. ანუ, საქართველოში ეროვნულ მაუწყებლობას საფრთხე დაამუქრა ერთმა გადაწყვეტილებამ, რომლის ბრძანების გამცემსაც მე ახლა ვეძებ. მე დღემდე ვიკვლევ, ვინ გასცა ბრძანება, რომ მე სწორი აქცენტები გავაკეთო. ყველამ შესანიშნავად იცოდა, რომ ინფორმირებული იყო მთავრობა და ეს ვალი გროვდებოდა არა კომპანიის მიერ, არამედ მონეტარული პოლიტიკის გამო. შესაბამისად ამ ბრძანების გამცემმა უნდა აღიაროს, რატომ მოხდა ამის გაკეთება საჭირო“,-განაცხადა დავით ზილფიმიანმა.
როგორც ზილფიმიანი აცხადებს, ის ყველაფერს გააკეთებს რაიმე გზა გამონახოს, რათა საქართველოში მაუწყებლობა არ შეწყდეს.
„მე ჩემი კომპანია დარბევის შემდეგ სამჯერ ავაშენე. მე უკვე მიჩვეული ვარ ამას და დღესაც შევძლებ რაიმე გზები გამოვნახო, მაუწყებლობა რომ არ შევწყვიტო. ეს მე, რა თქმა უნდა, დიდი ფული დამიჯდება, მაგრამ შევეცდები საქართველოში მაუწყებლობა არ შეწყდეს, იმიტომ, რომ ეს შვილებისა და შვილიშვილებისთვის ყველაფრის დასასრული იქნება“,-აცხადებს დავით ზილფიმიანი.