საქართველოში დღგ-ს მენეჯმენტი გახდება ზუსტად ისეთი, როგორიც არის ევროკავშირში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს ხელს შეუწყობს ქართულ ბიზნესს, პირველ რიგში, საშუალო ბიზნესს, მეტი ხელშეკრულებითი ვალდებულებები აიღოს.
„დღეს ჩვენ განვიხილავთ ახალ რეფორმას საკანონმდებლო ცვლილების სახით, ეს გახლავთ დამატებითი ღირებულების გადასახადის პრინციპების ჰარმონიზირება ევროკავშირის პრინციპებთან. ამ კანონპროექტს წარმოგვიდგენს ფინანსთა სამინისტრო და ამ კანონპროექტის ძირითადი მიზანია ის, რომ დღგ-ს მენეჯმენტი ქვეყანაში გახდება ზუსტად ისეთი, როგორიც არის ევროკავშირში. რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს ქართულ ბიზნესს, პირველ რიგში, საშუალო ბიზნესს, მეტი ხელშეკრულებითი ვალდებულებები აიღოს და უფრო სწრაფად და ეფექტურად განახორციელოს ის შესაძლებლობები კომპანიებისთვის და ეკონომიკისთვის, რომელსაც გვაძლევს ღრმა და ყოველისმომცველი თავისუფალი რეჟიმი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ევროკავშირთან“, - განაცხადა გახარიამ.