„მსოფლიოში ყველაზე დიდმა გამოფენა-ბაზრობამ, რომელიც ბერლინში იმართება, გადაწყვეტილება მიიღო 2022 წელს საქართველო გახდეს მასპინძელი ქვეყანა"

მსოფლიოში ყველაზე დიდმა გამოფენა-ბაზრობამ, რომელიც იმართება ქალაქ ბერლინში, მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო 2022 წელს გახდეს მასპინძელი ქვეყანა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გახარიას ინფორმაციით, აღნიშნულ გამოფენაში 180-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს და ის დაახლოებით მილიარდ ადამიანზე მეტს ფარავს.

„გასულ დღეებში ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროსგან, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდმა გამოფენა-ბაზრობამ, რომელიც იმართება ქალაქ ბერლინში, მიიღო გადაწყვეტილება, 2022 წელს საქართველო გახდეს ამ გამოფენის მასპინძელი ქვეყანა. ეს არის უდიდესი მიღწევა, რომელიც ნიშნავს 180-ზე მეტ მონაწილე ქვეყანას და საერთაშორისიო დაფარვის ციფრს, დაახლოებით, 1 მილიარდ ადამიანზე მეტს. ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა. ტურიზმი არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი სექტორი და, რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკისთვის ტურიზმი, როგორც სფერო, იყოს კიდევ უფრო წარმატებული, დინამიური და რაც მთავარია, მოგეხსენებათ, რომ ტურიზმის გადაცემის ეფექტი ძალზედ მაღალია. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი მოქალაქე იგრძნობს ამ გამოფენაში მონაწილეობის შედეგს ტურისტების რაოდენობის ზრდით. ჩვენი მიზანი უნდა იყოს საქართველოს თითოეულ სოფელში, თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტი არის წარმატების კიდევ ერთი დამადასტურებელი მაგალითი“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.