„განვიხილავთ კანონპროექტს, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, გაკოტრების ეტაპი აიცილონ და რეაბილიტაციის ეტაპზე კომპანიის გაჯანსაღება შეძლონ"

საქართველოს მთავრობა „რეაბილიტაციის და გაკოტრების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც გახარიამ განმარტა, კანონი კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, აიცილონ გაკოტრების ეტაპი და რეაბილიტაციის ეტაპზე შეძლონ კომპანიის გაჯანსაღება.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ ძალზედ მნიშვნელოვან ახალ კანონპროექტს, ეს გახლავთ „რეაბილიტაციის და გაკოტრების შესახებ” კანონპროექტი, რომელზეც დეტალურად იმუშავა იუსტიციის სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ. ეს არის ძალზედ ხანგრძლივი შრომის შედეგი. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კანონპროექტი და ეს მოუტანს სარგებელს ქართულ ეკონომიკას. ჩვენ წლების მანძილზე ვგრძნობდით როგორ უჭირდათ კომპანიებს, რომლებიც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ხვდებოდნენ. ეს არის კანონი, რომელიც მისცემს კომპანიებს შესაძლებლობას, აირიდონ გაკოტრების ეტაპი და რეაბილიტაციის ეტაპზე შეძლონ კომპანიის გაჯანსაღება. ეს პირველ რიგში ნიშნავს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და ჩვენი მოქალაქეებითვის სიკეთეს“, - განაცხადა გახარიამ.