დიდ ბრიტანეთში შიგაწვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვების აკრძალვის თარიღი შეიცვალა

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ შიგაწვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვების აკრძალვის ვადა შეცვალა. პირველადი გეგმის თანახმად, ეს აკრძალვა 2040 წელს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა აკრძალვა ამოქმედდება 5 წლით ადრე, 2035 წლიდან.

ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის, გრანტ შაპსის განცხადებით, აქამდე ამოქმედებულმა პროგრამამ ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების პოპულარიზაციაზე უკვე მოიტანა შედეგი. ასე მაგალითად, 2019 წელს ქვეყანაში ელექტრომობილების გაყიდვებმა შეადგინა ყოველ 15 წუთში 1 ერთეული. თავის მხრივ, ენერგეტიკის მინისტრმა, ანდრეა ლედსმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს უკვე აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში, თუმცა ისინი მეტად გააქტიურდებიან ამ მიმართულებით და შეეცდებიან ნახშირორჟანგის შემცირების პროგრამის ამოქმედებას ეკონომიკის ყველა სფეროში.

თავის მხრივ, საავტომობილო ინდუსტრიის ასოციაცია აცხადებს, რომ ამ დროისთვის ელექტრომობილებზე მოთხოვნა მაინც დაბალია, ხოლო ინფრასტრუქტურა – სუსტი, შესაბამისად, ამ სექტორის განვითარებისთვის არაა საკმარისი მხოლოდ მწარმოებლების მხრიდან ინვესტიციები, არამედ საჭიროა თავად ბაზრის ტრანსფორმირება.

კოკა კვირკველია