საქართველოს პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი აკვაკულტურის შესახებ.
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პროექტის მომზადება განპირობებულია ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარების მიზნით სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და გარემოს დაცვის აუცილებლობით.
კანონპროექტით დგინდება აკვაკულტურის განხორციელების სპეციალური მოთხოვნები. დოკუმენტის მიხედვით, აკვაკულტურის განხორციელების უფლება პირს 20 წლის ვადით მიენიჭება.
პროექტის ავტორების აზრით, კანონპროექტის ძალაში შესვლა მიზანშეწონილია 2021 წლის 1-ლი იანვრიდან. მანამდე კი კანონის ძალაში შესვლისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებაა გათვალისწინებული.
ამასთან, დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, აღნიშნული საქმიანობისთვის, 2024 წლიდან სანებართვო მოსაკრებლის დადგენა იგეგმება, რომელიც 200 ლარი იქნება.
საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, აკვაკულტურის რეგულირების წესების დარღვევისათვის სანქციებიც დაწესდება, რაც ხელს შეუწყობს ამ სფეროში სამართალდარღვევათა პრევენციას და აკვაკულტურის საქმიანობის წარმოებას სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად, აკვაკულტურის სუბიექტების უფლებების დაცვას. ჯარიმის ოდენობა 500-დან 2000 ლარის ფარგლებში იქნება.
კერძოდ, ფულადი სანქცია-ნებართვის გარეშე საქმიანობისთვის 2 000 ლარი, აკვაკულტურის ნებართვის პირობების დარღვევისთვის 1 000 ლარი, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა მოთხოვნებისა და აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისთვის კი - 500 ლარი იქნება.
ცნობისთვის, კანონპროექტით აკვაკულტურა განისაზღვრება, როგორც წყლის ორგანიზმების (თევზი, მოლუსკები, კიბოსნაირები და წყლის მცენარეები) მოშენება (კულტივირება, გამოზრდა, გამრავლება).