კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში 2020 წელს მასშტაბური პროექტები განხორციელდება, რაც სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში 2020 წელს სხვადასხვა სახის მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება, რაც სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

როგორც მან პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტების განხორციელება ასევე ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახება.

„იზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. შემთხვევითი არ არ არის, რომ დედაქალაქში კაფე-ბარების, რესტორნების, სასტუმროებისა და ჰოსტელების რაოდენობა იზრდება. ეს რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია სამუშაო ადგილების შექმნასთან. სასიამოვნოა, რომ ჩვენ ვდგამთ წინ ნაბიჯებს, რათა ეს ყველაზე დიდი პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს. ამ ყველაფრისთვის საჭიროა იმ პროექტების განხორციელება, რომელიც დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ. ეს არის პროექტები, რომელიც გვინდა 2020 წელს განვახორციელოთ.

ჩვენ ამ ყველაფერს ისე გადავანაწილებთ და დავგეგმავთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი შევქმნათ. თუმცა, ასეთი მასშტაბური სამუშაოების წარმოება შეუძლებელია, თუ არ ჩატარდა ის სამუშაოები, რაც ყველა ასეთ პროექტს წინ უძღვის", - განაცხადა კალაძემ.