არასწორია, რომ თითქოს ამა თუ იმ ფაქტორის გამო, საქართველოს მთავრობა უარს ამბობს ანაკლიის პროექტზე, ეს არის აბსოლუტურად არასწორი. ანაკლიის პროექტი არის ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი და მე არ დავიღლები ამის გამეორებით, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც თურნავამ აღნიშნა, ის პირობას დებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ტენდერი ჩატარდება დროულად, მაღალ დონეზე, გამჭვირვალედ ისე, რომ ეს პირობები ინვესტორებისთვის მიმზიდველი იყოს.
„დღეს მთავრობამ კვლავ იმსჯელა ანაკლიის პორტის მომავალზე და იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ანაკლიის პორტის პროექტი და შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იყო ჩართული საქართველოს მხრიდან ანაკლიის პროექტის შიდა ხელშეკრულების მხარედ, გადმოეცემა ეკონომიკის სამინისტროს და ამის მთავარი მიზეზი და მიზანია ჩვენ დავიწყოთ მზადება ახალი ტენდერის გამოცხადებისთვის. მოგეხსნებათ, როდესაც თავიდან გამოცხადდა ტენდერი ანაკლიის პორტის ასაშენებლად სწორედ ეკონომიკის სამინისტრო გახლდათ ის უწყება, რომელმაც ამის ორგანიზება გააკეთა და საკმაოდ დიდი ინტერესი იყო მის მიმართ.
შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ხელახლა ტენდერის მომზადება დავიწყოთ. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამაში ისევ ერთვება ეკონომიკის სამინისტრო. პირობას გაძლევთ, რომ ტენდერი ჩატარდეს დროულად, მაღალ დონეზე, გამჭვირვალედ ისე, რომ ეს პირობები იყოს მიმზიდველი ინვესტორებისთვის და ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ გარკვეულ ინვენტარიზაციას ხელშეკრულების. გავითვალისწინებთ ყველა ბოლო ცვლილებებს და გაუმჯობესებებს, რაც მასში განხორციელდა ინვესტორის სასარგებლოდ და ასევე ჩვენი დიდი სურვილია, რომ ამ პროცესში ვითანამშრომლოთ რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, ვისთანაც ზოგადად არის კარგი გამოცდილება, რომ საერთაშორისო ტენდერების ორგანიზებაში ეხმარებიან მთავრობას.
არასწორი არის ის, რომ თითქოს ამა თუ იმ ფაქტორის გამო საქართველოს მთავრობა უარს ამბობს ანაკლიის პროექტზე, ეს არის აბსოლუტურად არასწორი. ანაკლიის პროექტი არის ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი და მე არ დავიღლები ამის გამეორებით.
არსებობს ძალიან დიდი მზადყოფნა საქართველოს მთავრობიდან, რომ ფინანსურად, ქონებრივად შესაბამისი მიწების გადაცემით, იურიდიულად და პოლიტიკურად მხარი დაუჭიროს ამ პროექტის განხორციელებას და არსებობს კონკრეტული გეგმა, რომელიც დღეს იყო განხილული მთავრობაში - როგორ წამოვიწყოთ ხელახალი ტენდერი და მოვიზიდოთ ახალი, უფრო წარმატებული ინვესტორი, რომელიც საბოლოო ჯამში მთავრობასთან ერთად შეძლებს და ეს მნიშვნელობანი პროექტი დაიწყება”, - განაცხადა თურნავამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ის ფიქრობს, რომ ტენდერი უახლოეს თვეებში გამოცხადდება.