ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესისთვის“ ფარგლებში „რიყის დოქები“ გასაყიდად გამოიტანა. ობიექტის საწყისი ფასი 95 მლნ ლარია. აუქციონი დღეს დაიწყო და 5 მარტს დასრულდება.
საპრივატიზაციო პირობით, ადგილზე არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს. მთავრობა განიხილავს ადგილზე სასტუმროს, საკონფერენციო დარბაზის, თეატრია ან/და საგამოფენო სივრცის მოწყობას.
საპრივატიზაციო დოკუმენტის მიხედვით, ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადაში უნდა მოხდეს.
ბ) პირადად ან მესამე პირის მეშვეობით შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში ამ საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე მრავალფუნქციური კომპლექსის (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს), თეატრს ან/და საგამოფენო/საკონფერენციო სივრცე(ებ)ს/დარბაზ(ებ)ს) ან/და სასტუმროს) შექმნა და ფუნქციონირების დაწყება;
გ) პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება;
დ) მყიდველი ვალდებულია „ა-გ“ პუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“ წარმოადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული ,,გ“ პუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო თანხის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ,,ბ“ პუნქტით განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.
როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი მდებარეობს დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, შესაბამისად ტერიტორიის განვითარების კონცეფციის ესკიზი (პროექტი) უნდა შეთანხმდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან.