საქართველოს დასახელება გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB Berlin - ის ოფიციალურ მასპინძელ ქვეყნად არის ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის, როგორც ერთ-ერთი საინტერესო და უნიკალური ტურისტული ბაზრისა და ჩვენი ტურისტული პოლიტიკის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB Berlin-ის ოფიციალური დასტური მიიღო, რომლის მიხედვითაც, 2022 წელს საქართველო მსოფლიოს მასშტაბით, ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელ ქვეყნად დასახელდა. შესაბამის შეთანხმებას ხელი მოეწერება 2020 წლის 5 მარტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას სამუშაო ვიზიტისას ბერლინში.
ნათია თურნავას განცხადებით, ITB Berlin-ის ოფიციალური მასპინძლობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული იქითკენ, რომ საქართველომ მოიპოვოს სრულიად მსოფლიოს აღიარება, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველმა ტურისტულმა ბაზარმა.
მათივე ცნობით, ITB Berlin-ს ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნიდან გამოფენას 200 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება. ITB Berlin-ი წლიდან წლამდე მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრშია. 3 დღის განმავლობაში გამოფენას 5 ათასზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი აშუქებს.