დაკრედიტების წესები არის გაცილებით უფრო ცივილიზებული და მიახლოებული ევროპულთან. შესაბამისად, დღეს თუ რამე ტიპის ვალი ვიღაცას უგროვდება, ან ვიღაც აცილებს ვადას, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, - ასე ეხმაურება მინისტრი მონაცემებს, რომლის მიხედევითაც 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ვადაგადაცილება 472 013 ფიზიკურ პირს უფიქსირდება, ხოლო 2019 წლის განმავლობაში 111 014 ისეთი კლიენტი ფიქსირდება, რომელთან წინა წელს არ უფიქსირდებოდათ ვადაგადაცილება.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ეს გაუარესების ინდიკატორი არ არის.
მინისტრის განცხადებით, „მცირე ეკონომიკის“ პრობლემა საქართველოს რამდენიმე ათწლეული კიდევ ექნება.
„მაშინაც, როდესაც მოხდა ამ ვალების ჩამოწერა და საიმედო პორტფელების შესყიდვა ფონდი „ქართუს“ მიერ, მაშინ ეს იყო ერთჯერადი აქტი და იყო გამოწვეული იმიტომ, რომ მანამდე არ არსებობდა არანაირი შემზღუდველი ფაქტორი იმისა, თუ ვის უნდა მისცენ სესხი, რა ოდენობით, რა პროცენტით, რა ჯარიმებით და ე.წ. Predatory lending, სადაც რამდენიმე ათას პროცენტზეც კი ადიოდა ჯარიმა. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს შემოღებით ეს პრობლემა მოიხსნა. ამის შედეგ თუ ვალები გროვდება, თუ ვინმე არ იხდის, ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური პროცესი, აქ ჩვენ ვეღარ დავაბრალებთ იმას, რომ ვიღაც შეცდომაში შეიყვანეს, ფარული ხარჯები იყო.
საქართველოს ეკონომიკა ბოლო ორი წელია 5%-ზე ზემოთ იზრდება. ეს საუკეთესო მაჩვენებელია რეგიონში. დაკრედიტების წესები არის გაცილებით უფრო ცივილიზებული და მიახლოებული ევროპულთან. შესაბამისად, დღეს თუ რამე ტიპის ვალი ვიღაცას უგროვდება, ან ვიღაც აცილებს ვადას, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ეს გაუარესების ინდიკატორი არ არის. ჩვენ ეკონომიკას ზოგადი პრობლემა რაც აქვს, რომ „მცირე ეკონომიკა“ ვართ და ჯერ დაბალი შემოსავალი გვაქვს ერთ სულ მოსახლეზე, რომელიც სხვათა შორის, რეკორდულად მაღალია ამ მდგომარობით და გვჯერა, რომ წლის ბოლოს 5 ათას დოლარს მიაღწევს და ამას ყველა აღიარებს, თუმცა ეს არასაკმარისია. რამდენიმე ათწლეული იქნება ეს პრობლემა, მაგრამ თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ეს არის გაუარესების ინდიკატორი, ცდებით“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში 1 824 610 ფიზიკურ პირს ჯამში 19 მლრდ ლარზე მეტი ოდენობის აქტიური სასესხო ვალდებულება აქვს, ვადაგადაცილება კი 472 013 ფიზიკურ პირს უფიქსირდება. აღნიშნული მონაცემები მოიცავს როგორც ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასევე არარეგულირებადი სუბიექტების მონაცემებს.